პირველ პროფესიულ ქართულ ფრანჩიზას შავ ლომს, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასში ჩაებმება, ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელებამდე მისი ასისტენტი, უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცი ილია მაისურაძე გაწვრთნის.
მაისურაძეს ლადო კილასონია დაეხმარება. მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ირაკლი ჭყონია და დავით ნემსაძე იზრუნებენ. ჯიპიეს სისტემაზე ნიკა პინაიშვილი იმუშავებს. ფიზიო აბესალომ აბრამიშვილი და ედ ბარი იქნებიან. რეაბილიტოლოგი უილიამ ლუისი გახლავთ, ვიდეო-ანალიზს დავით რამიშვილი ჩაიბარებს, ხოლო მენეჯერები ვასილ აბაშიძე და ლექსო იორდანიშვილი იქნებიან.
“თავიდანვე მოვიაზრებდით, რომ ეროვნული გუნდის მენეჯმენტს გადაებარებინა “შავი ლომი”, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. სწორედ ფრანჩაიზში უნდა მოხდეს ნაკრების სათამაშო სტილის დახვეწა. არის სხვა ფაქტორებიც. ფრანჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში ჩამოყალიბდა და მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ გუნდში სხვა ქართველი მწვრთნელებიც ვიხილოთ. ეს ერთის მხრივ მათ განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ ისინი გუნდში საკუთარ გამოცდილებას მიიტანენ. იმედია მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება ლევან მაისაშვილი და სამომავლოდ გუნდს სწორედ ის ჩაიბარებს” – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. გუნდმა მზადება უკვე დაიწყო და დღეში 3-3 ვარჯიში ტარდება. შავი ლომის მეტოქეები აღმოსავლეთ კონფერენციაში ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივ პენზა (რუსეთი) და თელავივ ჰითი (ისრაელი) არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings