in

შავი ლომის მეორე გამარჯვება:პენზაში ბონუსით მოვიგეთ

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა “შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასზე მეორე შეხვედრა პენზაში პენზას “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით 27:11 დაამარცხა მეტოქე. მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში, კარგი ნამდვილი არ იყო.

შეხვედრაში პირველი ქულები “შავმა ლომმა” მოიპოვა. გიორგი ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეტოქის რიგებში, თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ეს “ლოკომოტივის” მგეზავი სერგეი იანუშკინია, რომელმაც რამდენიმე ტაქტიკური დარტყმა კარგად შეასრულა და თავის გუნდს პოზიცია მოაგებინა. საწყის წუთებში, მეტოქე “შავი ლომის” 22-მეტრიან ზონაში დამკვიდრდა. “ლოკომოტივის” შერკინება საკმაოდ კარგი იყო. საკუთარ 22-იანში ქართული გუნდის შერკინება ორჯერ დაჯარიმდა.ამაში მეტოქის დამსახურება ნაკლებადაა, “შავი ლომის” პირველ ხაზელები მიწოლაზე ადრე გადადიოდნენ. ორივე ჯარიმა “ლოკომოტივმა” კარში დაარტყა და სერგეი იანუშკინმა თავისი გუნდი 6:3 დააწინაურა. პენზელებს ლელოს დადების კარგი შანსიც ჰქონდათ. იანუშკინის “ბოქსქიქის” შემდეგ, გიორგი ბაბუნაშვილს ბურთი წინ დაუვარდა, რომელიც ჩათვლის მოედანში გიორგი ჭყოიძემ აიღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და პენზას “ლოკომოტივის” კვაჭს ბურთი ბოლო მომენტში წინ გაუვარდა. მეტოქემ ჩვენი შეცდომით ვერ ისარგებლა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვისარგებლეთ მათი შეცდომით. “ლოკომოტიველებმა” რაქიდან ბურთი ცუდი პასით გამოიტანეს. იანუშკინს დარტყმულზე კარგად დავუფარეთ. მართალია, რაქში ბურთი ზედმეტად დიდხანს შეგვიყოვნდა, მაგრამ საბოლოოდ დავით გიგაურმა მაინც მოახერხა ლელოს დამიწება. ბაბუნაშვილის გარდასახვა ზუსტია. ლელოს შემდეგ, “შავმა ლომმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მალე მეორე ლელოც გაიტანა. მეტოქის 22-იანში დერეფანი მოვიგეთ. გრძელი მოლი შევკარით, რომელსაც ჩვენი გუნდის მხტომელებმა ღერძი კარგად შეუცვალეს და საბოლოოდ ეს ბრწყინვალე მოლი შალვა მამუკაშვილის ლელოთი დასრულდა. ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა. ტაიმის მიწურულს კი, გიორგი ბაბუნაშვილმა 10 ნომრის მასტერკლასი გვანახა. მან რუსი მეტოქე ცრუ მოძრაობით კარგად დაიქნია, ე.წ. ნულოვან ზონაში თავადვე შეძვრა და ლელოც დაამიწა. გარდასახვა თავადვე შეასრულა ზუსტად და ტაიმიც დასრულდა-22:11.

მეორე ტაიმი “ლოკომოტივმა” აგრესიულად დაიწყო. პირველი 10 წუთი “შავი ლომი” საკუთარ ხუთმეტრიანს მიაჯაჭვა. რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, მეტოქემ შალვა მამუკაშვილი გაგვისინბინა და ლელოც დადო. მეორე ნახევარში არეული თამაში წავიდა და გუნდები ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. “შავი ლომის” თამაშში ძალიან ცუდი იყო დერეფანი, ასევე შერკინებაში ზედმეტად დიდხანს ვაყოვნებთ ბურთს, რიგ ეპიზოდებში ადრე ჩავდივართ და ეს მომდევნო მატჩებისთვის გამოსასწორებელია.

მიუხედავად ცუდი მეორე ტაიმისა, შეხვედრის მიწურულს მამა-პაპური ქართული მოლის შემდეგ, გოგა ხუროშვილმა შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება.

საბოლოოდ, 27:11 და “შავმა ლომმა” მეტოქის სამზე მეტი ლელოთი დამარცხებისათვის პრემიალური ქულა აიღო და პენზადან 5 ქულით მოდის.მომდევნო შეხვედრას ლევან მაისაშვილის გუნდი ერთი კვირის თავზე კრასნოიარსკის “ენისეის” წინააღმდეგ სოჭში გამართავენ. “ენისეიმ” პირველი ორი მატჩი “პენზას “ლოკომოტივს” ბონუსით მოუგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პაატა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

FIFA 22-ში ყველაზე პოპულარული პსჟ-ია: რამდენს თამაშობენ ყოველდღიურად