ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხა.
ჟილინაში ჩატარებული მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ნოდარ ლომინაძის გოლით გახსნა. მეტოქემ 73-ე წუთზე, კალუზინსკის მიერ შესრულებული პენალტით გაათანაბრა. მატჩის ბედი 93-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც გიორგი მაისურაძის პასით, ვასილიოს გორდეზიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ჯგუფის მეორე მატჩი, საფრანგეთსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.
რამაზ სვანაძე:
“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ დროისთვის ლომინაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს. იყო მცირე პრობლემა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაუზა ჰქონდა.
ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა. დღევანდელმა თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დიდი დატვირთვით ითამაშეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ.
არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია.
პოლონეთის ნაკრებისგან რასაც ველოდით, სწორედ ის ვნახეთ. ეს იყო სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე გუნდი. თამაშს ვაკონტროლებდით. იყო მცირე მონაკვეთი გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით. თუმცა, კარგია, რომ ეს მცირე დროით მოხდა. საერთო ჯამში, მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან თითოეული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს”.
პოლონეთი – საქართველო 1:2
11.06. ჟილინა. “შტადიონ ჟილინა”
გოლები: 0:1 ლომინაძე (55), 1:1 კალუჟინსკი (73-პენ), 1:2 გორდეზიანი (90+4. მაისურაძის პასით)
პოლონეთი: ტობიაში – მარჩუკი, პედა, მოსორი, გურგული, პირკა (64. შმიტი) – კოზლოვსკი (64. პიენკო), კალუჟინსკი, კოზუბალი (90+5. ლეგოვსკი), ფორნალჩიკი (82. რაკოჩი) – შმიჩაკი (64. ბოგაჩი)
საქართველო: ხარატიშვილი – მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი – სიგუა (80. გორდეზიანი), ლომინაძე (66. ო. მამაგეიშვილი), ლ. გაგნიძე (90+6. ოდიშვილი) – კვერნაძე, ოდიშარია (80. ეგოიანი), აბუაშვილი (66. გ. მამაგეიშვილი)
სათადარიგოები: მაქაცარია, თანდილაშვილი – ბედოშვილი, იაკობიძე, მამაცაშვილი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გაფრთხილება: აზაროვი (6), მარჩუკი (26), მაისურაძე (49), კვერნაძე (67), პიენკო (73), გ. მამაგეიშვილი (73), ლ. გაგნიძე (75)








ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ჟილინაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings