in

ყოველთვის ვერ მოიგებ: უკრაინამ ისევ გვაჯობა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი მატჩი წააგო: უკრაინამ 1:0 გვაჯობა. არადა, თუ მოსაგები არ იყო ეს თამაში, წაგებაც გულდასაწყვეტია – ალბათ, ფრე და ქულების გაყოფა უფრო სამართლიანი იქნებოდა. თუმცა, ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი მოსულა.

ვილი სანიოლმა ტრადიციულად შემადგენლობა არ შეცვალა და ნაცადი თერთმეტეული დააყენა. უნდა ითქვას ის, რომ კვარაცხელია საყვარელ და კომფორტულ მარცხენა ფლანგზე ხშირად არ ყოფილა და ცენტრისკენ იყო შეწეული, რაც არაერთხელ მინიშნებით აღუნიშნავს, რომ დიდად არ ხიბლავს. არის ისიც, რომ ჩვენებს მაინც და მაინც არ უყვართ პირველი გოლის გაშვება (ვის უყვარს?), მერე პირველ ნომრად უწევთ გადაწყობა და ჩაკეტილ სივრცეებში თავს კარგად ვერ გრძნობენ, თანაც კონტრშეტევის აქეთ მიღების რისკი იზრდება.

სამწუხაროდ, ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა იმათმა კვარაცხელიამ, მუდრიკმა, რომელმაც სწორედ ხვიჩას სტილში შეასრულა – ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, მეურვეები მოიშორა და მამარდას მარჯვენა დაბალ კუთხეში ისე დაურტყა, რომ ჩვენი მეკარე ბურთს ვერ მიმწვდარიყო.

ყველა აღნიშნავს ცუდ მოედანსაც, ყანის ელემენტებიც შეინიშნებოდა და მოთამაშეებიც ხშირად სრიალებდნენ. მოკლედ, რაღაცეები ტექნიკური ფეხბურთელების საპირისიპიროდ აეწყო.

ჩვენებს, ცდის მიუხედავად, რეალური საგოლე მომენტების შექმნა და კართან ახლოს მისვლა უჭირდათ, ერთი-ორი სახიფათო სტანდარტიც (ჯარიმა) ვერ შევასრულეთ რიგიანად, მატჩის მიწურულისკენ კი ვილი სანიოლმა გარისკა და ძალიან შემტევი შემადგენლობა დატოვა, ლამის ნახევარი გუნდი შემტევები იყვნენ, მაგრამ შედეგი ამანაც ვერ გამოიღო. უფრო სწორედ, ერთხელ კი გავიტანეთ, მეტოქის არასწორად ამოტანილი ბურთის დროს, მაგრამ გამოჩნდა, რომ ხვიჩამ თამაშგარედან ამოსვლა ვერ მოასწრო და რადგან ეპიზოდში მონაწილეობდა, დავითაშვილის გოლზე თამაშგარე დაფიქსირდა.

მოკლედ, დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში უკრაინისთვის ჯერ ვერ მოგვიგია და ეს ნავსი ისევ ვერ გატყდა. ბოლო დროს წაგებასაც არ ვართ მიჩვეული და ცოტა უცნაური განწყობაა, მაგრამ მართლა ყოველთვის ხომ ვერ მოიგებ… ახლა ალბანეთთან უსათუოდ გვჭირდება მორიგი 3 ქულა.

ერთა ლიგა 2024/25. B1 ჯგუფი. III ტური

უკრაინა – საქართველო 1:0
11.10. პოზნანი. “ენეა სტადიონი”
გოლი: 1:0 მუდრიკი (35)

უკრაინა: ტრუბინი, კონოპლია, ზაბარნი, ტალოვიეროვი, მატვიენკო, კალუჟნი (90+1. კრისკივი), სუდაკოვი (90+1. სვატოკი), გუცულიაკი (74. ზუბკოვი), შაპარენკო, მუდრიკი (86. ნაზარენკო), დოვბიკი (74. იარემჩუკი)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი

საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი (82. ზივზივაძე), კაშია, დვალი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი (60. შენგელია), ქოჩორაშვილი (71. დავითაშვილი), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, კვირკველია, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი, ალთუნაშვილი, ნონიკაშვილი, გოგლიჩიძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: კაშია (11), მატვიენკო (28), დვალი (39), კალუჟნი (45+5), ქოჩორაშვილი (63), შენგელია (69), კონოპლია (76), ტალოვიეროვი (79)
არბიტრი: ი. ვაინბერგერი (ავსტრია)

IV ტური
14 ოქტომბერი
საქართველო – ალბანეთი 20:00
უკრაინა – ჩეხეთი 22:45

ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთელი გეგმა ორმა შეცდომამ აგვირია: რაზე წყდება გული ახალგაზრდულ ნაკრებს

ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა