დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიას“ ასე იწყებს: „უსიერ ტევრში, ჩემი ცხოვრების ნახევარ გზაზე…“ – მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14-ს დასაწყისში, უდიდესი იტალიელი მწერალი ცხოვრების ნახევარგზად 33 წელს მიიჩნევდა. საერთოდაც, მაშინ ადამიანის საშუალო ასაკი დღევანდელს გაცილებით ჩამორჩებოდა. დღეს კი, ზინედინ ზიდანი ნახევარცენტურიონია და 50 წელი შეუსრულდა! რთულია ამ ასაკში მასზე კარგ ფორმაში მყოფი ადამიანი მოძებნო. გვიხილავს ვიდეოები, სადაც ზიზუ თავის უკვდავი ტექნიკის დემონსტრირებით კვლავ ახერხებს გულშემატკივრის მონუსხვას.
1972 წლის 23 ივნისს, მარსელის გარეუბან ლა კასტელანში დაიბადა. მისი ალჟირული წარმოშობის შესახებ, ალბათ, ყველამ იცის, მაგრამ მაინც გეტყვით. მისი ოჯახი 50-იან წლების სტარტზე პარიზში გდაბარგდა და როგორი სიმბოლურია, რომ მალევე, 1953 წელს, ალჟირში სამოქალაქო ომი დაიწყო. ისე 5 დედმამიშვილს შორის, ზიზუ ყველაზე ახალგაზრდა იყო. მიუხედავად სამეზობლოში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, ზიდანების ოჯახის ყოფა ნორმალურ პირობებში მიდიოდა, რადგან მუშაობა არავის ეზარებოდა და ამან ფინანსური სტაბიულურობა განაპირობა.
ზიდანის ფეხბურთთან ზიარება 5 წლის ასაკში მოხდა, როცა სახლის გვერდით არსებულ ტარტანის ვაიმოედანზე დაიწყო ბურთაობა.
პირველი საბავშვო კლუბი კი კასტელანის გუნდი იყო, სადაც ზიზუ რობერტ კონტენეროს მეოხებით მოხვდა. „სეპტემ ლე ვალონის“ მწვრთნელმა დაარწმუნა კლუბის დირექტორი, რომ ზინედინს პოტენციალი ჰქონდა. რამდენი ღამე აქვს ზიზუს დიდ კარიერაზე ოცნებაში გატარებული ეს ცალკე ამბავია. თვალდახუჭული ბიჭუნა ენცო ფრანჩესკოლიზე, ბლაჟ სლიშკოვიჩსა და ჟან-პიერ პაპინზე ფიქრით საზრდოობდა. სწორედ ეს სამეული იყო ზიზუს ინსპირაცია.
4-წლიანი „ვალონური“ სილაღის შემდეგ ზიდანი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 3 დღიან კემპზე მიიწვიეს, სადაც „კაენის“ ყოფილმა მოთამაშემ და მაშინ უკვე სკაუტმა ჟან ვარომ მას თვალი დაადგა. „მას შეეძლო მოეტყუებინა ერთი, ორი, სამი, ანდაც 5 მოთამაშე. მისი ფეხები ბურთთან საუბრობდა“- ეს ვაროს სიტყვებია… მაშინ 1986 წელი იყო და ზიდანი დიეგო მარადონას გაოცებული ადევნებდა თვალს. მოკლედ, ზიზუ 6 კვირით წაიყვანეს, მაგრამ „კაენში“ 4 წლით დარჩა. კანის დირექტორმა ჟან კლოდ ელინომ ზიდანი საერთო საცხოვრებლიდან თავის სახლში მიიყვანა. ზიზუ ამ პერიოდს იხსენებს, როგოც წონასწორობის მპოვნელს. ჰო, ფიცხი ხასიათის გამოვლინებაც, სწორედ მაშინ იწყება. პირველსავე ვარჯიშზე ზიზუმ თანაგუნდელი გალახა, რადგან გეტოური წარმომავლობის გამო დასცინა. ამის გამოისობით, რამდენიმე კვირა ზიდანი დასაჯეს და დასუფთავების სამსახურში განაწესეს. „მე ვარ ფრანგი და ვამაყობ, მაგრამ ჩემი ალჟირული ფესვების გამო კიდევ უფრო ამაყი ვარ“ – ეს სიტყვები ზიდანის კარიერას მუდამ ლაიტმოტივად გასდევდა. დაწყებული ბავშვთა პერიოდიდან, გაგრძელებული დიდ ტურნირებზე. ვრცლად, ოდნავ მოგვიანებით.
ზიდანის დებიუტი ლიგა 1 ში 1989 წელს „ნანტთან“ შედგა და პირველი ოფიციალური გოლიც „ნანტს“ შეუგდო, ოღონდ 1991 წელს. კლუბის მფლობელ ალან პედრეტის სიტყვა ჰქონდა მიცემული, რომ პირველი ოფიციალური გოლის შემდეგ მას მანქანით დააჯილდოვებდა და ასეც მოიქცა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ავტომობილის სურათს ვერსად მივაკვლიეთ. ის სეზონი „კაენმა“ მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, უეფას თასზე გავიდა და 1948 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა მსგავსი შედეგი.
1992 წელს ზიდანი „ბორდოში“ მიდის და აქაც 4 წელი ჩერდება. ნახევარდაცვის ტრიო როგორ მოგწონთ? – ზიდანი, ლიზარაზუ, დუგარი. ტრიო, რომელზეც 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების ნახევარდაცვა იდგა. „ბორდოში“ ზიზუმ ინტერტოტოს თასი მოიგო, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე გამორჩეული მოვლენები ინგლისელებს უკავშირდება. სერ კენი დალგლიშს ზიდანისა და დუგარის შეძენა სურდა. მაშინ „ბლექბერნი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა, მაგრამ კლუბის მფლობელმა ჯეკ უოკერმა დალგლიშს უთხრა: „რადგინდა ზიდანი? ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავსო“- ზედმეტი ახსნა განმარტების გარეშე მეორე ეპიზოდზე წავიდეთ. საფეხბურთო აგენტმა ბარი სილკმენმა ზიდანი „ნიუკასლს“ შესთავაზა. ეს ტრანსფერი, მხოლოდ 1.2 მილიონი გირვანქა დაჯდებოდა, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: „ვიცით ეგ ზიდანი და ის პრემიერ ლიგის დონე არ არის“. ჰო, იმ წელს ზიზუ ლიგა ერთის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ამის შემდეგ „იუვეს“ დრო დადგა. პირველსავე სეზონში ზიდანმა სკუდეტო და თასი მოიგო. წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. იმწელსვე ზიდანმა საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. ევროპის საუკეთესო 11-ეული მსოფლიოს წინააღმდეგ. ფლეიმეიქერის ამპლუაში ზიზუს დელ პიეროს უკნიდან უწევდა თამაში და ერთხელ ალესანდრომ თქვა: „მას აქვს უნარი იყოს ბრწყინვალე ინდივიდუალისტი და იდელაური გუნდური მოთამაშე. გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე“. „მისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობდა. ის მაშინაც კი პოულობდა სივრცეს, როცა ის არ არსებობდა“ – ეს ედგარ დავიდსის სიტყვებია.
1998 წელი ზიდანის კარიერის ოქროს ხანაა. მსოფლიო ჩემპიონობა და “ოქროს ბურთი”!
თან მუნდიალის ფინალში დუბლი შეასრულა… „იუვესთან“ ერთად ორჯერ დამარცხდა ლიგის ფინალში და ერთადერთ მიუღწეველ ტიტულად, ჯერაც ჩემპიონთა ლიგა რჩებოდა. ჰო, კინაღამ გამოგვრჩა 2000 წელს მოგებული ევროპის ჩემპიონატი. ექსტრა ტაიმი იტალიასთან და ტრეზეგეს გახვრეტილი ცხრიანი…
„გალაქტიკო“ – ზიდანის ნაადრევი წევრობა დიდების დარბაზში. ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 2000 იანების სტარტზე ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალი“ მსოფლიო ნაკრებად გადააქცია. 2001 წელს „ლოს ბლანკოსმა“ ზიზუს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა! სარეკორდო მაჩვენებელი. პირველსავე სეზონში რაღაც მაგიური მოხდა. ჩემპიონთა ლიფის ფინალია. „რეალი“ „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ. ანგარიში 1:1-ია. ჩაწოდება საჯარიმოს მისადგომებთან, ზიდანი დაუშვებლად ცაციათი ურტყამს და 2:1. რეალი ჩემპიონია… ეს გოლი „თაიმსმა“ საუკუნის 20 ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაში შეიყვანა. ბევრის აზრით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა.
2003 წელს ზიდანი მორიგ ჯერზე სახელდება ფიფას ვერსიით წლის საუკეთესოდ. „ის ბურთძე დომინირებს, ის მოსიარულე სპექტაკლია, ის თამაშობს ისე, თითქოს ორივე ფეხზე აბრეშუმის ფეხთათმანი აცვია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“- ეს ალფრედო დი სტეფანომ თქვა.
2004 წელს ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზიდანმა და მაკელელემ სანაკრებო კარიერა დაასრულეს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, დომენეკმა ძველ გვარდიას უხმო! 2006 წლის მაისში, ზიდანმა დააანონსა, რომ კარიერას ასრულებდა და 7 მაისს, ვილიარეალთან მატჩში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილმა 80 000-მა გულშემატკივარმა ბანერი გამოფინა: „მადლობა მაგიისათვის“ . ყველაფრის ვრცხლად აღწერა, უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან წინ 2006 წლის მუნდიალის ფინალი და სამწვრთნელო კარიერა გველის.
მუნდიალის ფინალი ზიდანისათვის ბოლო ოფიციალური შეხვედრა იყო. მე-7 წუთზე შესრულებული პანენკა და ფრანგები წინ გადიან. მე-19 ზე მატერაცი ათანაბრებს… ეს გვარი დაიმახსოვრეთ, კდიევ დაგვჭირდება. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ზიდანმა თავური გაუშვა, ბუფონი ადგილზეა. 110-ე წუთია, ფრანგებმა პოზიცია დაკარგეს და ზიდანიც თავის ნახევარზე ბრუნდება. ამ მომენტში, მის უკან მყოფი მარკო მატერაცი გაურკვეველ ფრაზას წარმოთქვამს, ზიდანი ბრუნდება, მკერდში თავს ურტყამს და… ზიდანი გაძევებულია, საფრანგეთმა ფინალი პენალტებში წააგო. ამუნიციის მოშორებითა და წამხდარი ნირით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოთამაშემ მოედანი დატოვა.
მოვედით მწვრთნელობაზე. არსებობენ დიდებული ფეხბურთელები, რომლებსაც სამწვრთნელო საქმიანობაში ხელი მოეცარათ. არსებობს საპირისპირო შემთხვევებიც, მაგრამ დიდებული ფეხბურთელი და დიდებული მწვრთნელი ერთად, დიდი იშვიათობაა…
თავს არ მოგაწყენთ. 2016 წელს ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და წავიდა. „მწვრთნელად დანიშვნიდან სულ მალე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თუმცა ეს არ გამკვირვებია, რადგან როდესაც რამეს ვაკეთებ, გამარჯვებისთვის ვაკეთებ, მე გამარჯვებული ვარ, სწორედ ამისათვის დავიბადე“.
ზიდანმა „რეალში“ შემდეგ კიდევ 2 წელი იმუშავა, 2019-დან 21-მდე, მაგრამ გაცილებით ნაკლებ ნაყოფიერად. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ის ყოველ 19 მატჩში ახერხებდა 1 ტიტულის მოგებას. სიშლეგეა! როდესაც ზიდანმა „რეალთან“ ერთად მე-7 მატჩი წააგო, მას უკვე 8 ტიტული ჰქონდა მოგებული. ეს არანაკლები სიშლეგეა. მან მიაღცია ნიშნულს, რომელიც დაუძლეველ თამასად მოსჩანს ერთი შეხედვით. ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება! ზედიზედ კი არა, სულ რამდენ გუნდს აქვს სამი ლიგის ტიტული? – 7. ვენი, ვიდი, ვიცი…
ბოლო პერიოდში იწერებოდა, რომ ზიზუ პსჟ-ში უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ამ ამბიდან არაფერი გამოვიდა. ფეხბურთელად უფრო დიდი იყო თუ მწვრთნელად ამაზე, თქვენ იფიქრეთ, დღეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას 50 წელი შეუსრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings