საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
ჩვენმა გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი. სავარჯიშო პროცესს გიორგი ლორია 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.
ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ ბოსნიური “სარაევოს” ფორვარდმა პირველი სანაკრებო ემოციებსა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
გიორგი გულიაშვილი:
“ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის სტატისტიკა, რაც საკლუბო დონეზე მაქვს ნაკრებში გავაუმჯობესო.
მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება”.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
GIPHY App Key not set. Please check settings