საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის ემზადება.
14 ივნისს, რამაზ სვანაძის გუნდი ჟილინაში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელიც თამაშის მასპინძელ სტადიონზე გაიმართა, მედიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების შემტევმა, ლაშა ოდიშარიამ უპასუხეს.
რამაზ სვანაძე:
“პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავდა, თუმცა უნდა გამოვყო, რომ ბოლო წამებზე მოპოვებულ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოცია ახლავს. მაქსიმალურად ვეცადეთ და ძალები აღვიდგინეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა. არც ტრავმების მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. თამაშისთვის მზად ვართ, დანარჩენი კი მინდორზე გამოჩნდება.
მიუხედავად მცირე დისკომფორტისა, ნოდარ ლომინაძე თამაშისთვის მზად არის. 23 ფეხბურთელით ჩამოვედით და ყველას აქვს მოედანზე გასვლის შანსი. თითოეული მოთამაშის იმედი მაქვს და მწამს. ნებისმიერი ფეხბურთელის მოედანზე გასვლა დამოკიდებულია თამაშის შინაარსზე და კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ საჭიროებებზე.
ისეთი მეტოქე გვყავს, რომ ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება. ყველას გააზრებული აქვს, თუ ვისთან გვაქვს თამაში. ამ შეხვედრაში ყველაფრის სწორად დაგეგმვის და შესრულების შემთხვევაში, სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე როგორც გუნდურად, ისე თითოეული ფეხბურთელისთვის”.

ლაშა ოდიშარია:
“ევროპის ჩემპიონატზე, ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში დიდი პრივილეგია და მოტივაციაა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ გავდივართ მოედანზე. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
მიუხედავად გარკვეული დანაკლისისა, მეტოქეს მაინც ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ეს გამოწვევაა ჩვენთვის. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია ასეთი მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ თამაში”.

მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჟაბოკრეკის საწვრთნელ ბაზაზე გამართა. ჩვენმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საფრანგეთი – საქართველოს მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports Georgia შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings