in

ქულა, რომელიც ერთად ავიღეთ: საქართველომ ბელგიას ამოუქაჩა და ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს ახალგაზრდულმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ითამაშა და ძალიან კარგ ბელგიას ბოლოს მაინც არ დანებდა – 2:2.

ეს იყო ნერვების ომი, ბოლომდე ბრძოლა, საკუთარი საქმის და გულშემატკივრების პატივისცემა და ნამდვილი ფეხბურთი – საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ქულა მოიპოვეს საკუთარი ჯიგრის და გულშემატკივრების დიდი დახმარებით. სწორედ ქომაგების შეძახილმა ბოლომდე მისცა ფეხბურთელებს ძალა და ერთად დგომა ფორტუნამაც დაგვიფასა.

ბელგია ძალიან კარგად, განსწავლულად, გამართულად თამაშობდა – პრესინგი, ბურთის ამოტანა, დახვეწილი პასები, გახსნა, ფიზიკური მომზადება, სახიფათო მომენტები – მოკლედ, ეს ვითომ ახალგაზრდული გუნდი ისე თამაშობდა ბევრ ეროვნულ ნაკრებსაც რომ შეშურდება.

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. სტუმრები აშკარად ჯობდნენ ჩვენს გუნდს და დამსახურებულადაც იგებდნენ. ორივეჯერ თავური დარტყმით გაგვიტანეს.

მეორე ტაიმიდან ჩვენს გუნდში სამი შეცვლა განხორციელდა. 51-ე წუთზე, სწორედ შეცვლაზე შემოსული გიორგი წიტაიშვილის გოლით შეამცირა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა. გიორგი ქინქლაძეს გაუტანია რაღაც მსგავსი გოლი.
ანგარიში ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გულიაშვილმა გაათანაბრა 87-ე წუთზე. ბოლო წუთებში მარცხნიდან აქტიური აზაროვი ერთხელაც შეიჭრა მეტოქის საჯარიმოსკენ და უზუსტესად დაასვა ბურთი თავზე პარტნიორს, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთს კარში მიუჩინა ადგილი და ტრიბუნაზე კი ხალხი ააღრიალა.

მსაჯმა 6 წუთი დაამატა და იშტაზე მოსული მაყურებელი კი განაგრძობდა „გოლი“-ს ყვირილს, მაგრამ ბელგია მოსაგებად გაიწია და გაძლებაც არ იყო ურიგო საქმე.

თამაშის მერე იყო ტრადიციული მადლობა და „ქომაგებთან“ერთად შესრულებული ემოციური – სა-ქარ-თვე-ლო!..

ევრო 2023. U21. A ჯგუფი. II ტური

საქართველო-ბელგია 2:2
24.06. თბილისი. დინამო არენა. 41 886 მაყურებელი
0:1 დე კუიპერი (15. ვრანქსის პასით), 0:2 რამაზანი (38. დე კუიპერის პასით), 1:2 წიტაიშვილი (52. გოჩოლეიშვილის პასით), 2:2 გულიაშვილი (87. აზაროვის პასით)

საქართველო: მამარდაშვილი – ხვადაგიანი (46. გოჩოლეიშვილი), საზონოვი, გელაშვილი (81. ლომინაძე), კალანდაძე – აზაროვი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (46. ნ. გაგნიძე / 71. გულიაშვილი), დავითაშვილი – მოისწრაფიშვილი (46. წიტაიშვილი) – გაგუა
სათადარიგოები: კუტალაძე, ყალიჩავა – კაპანაძე, ნ. ხორხელი, ო. მამაგეიშვილი, ჯინჯოლავა, სიგუა

ბელგია: ვანდერვოორტი – სიკე (81. ვან დერ ბრემპტი), დე ვინტერი, დებასტი (79. ალ დახილი), დე კუიპერი – დე კეტელერი, კეიტა, ვრანქსი, ბალიკვიშა (79. დემანი) – ოპენდა, რამაზანი (71. რასკინი)
სათადარიგოები: დელანგი, ლამენსი – დესკოტი, ენგელსი, პლენტინქსი, მატაზო, პატრისი, ვერტეესენი

გაფრთხილება: გოჩოლეიშვილი (59), ვრანქსი (71), კალანდაძე (83), გულიაშვილი (90), აზაროვი (90), დე ვაინტერი (90+3), მამარდაშვილი (90+4), ვან დენ ბრემპტი (90+5)

არბიტრი: დ. სტრუკანი (ხორვატია)

უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დე კუიპერი დაასახელა.

საქართველომ ამ ფრით ლიდერობა შეინარჩუნა. ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს, ბელგიას და ნიდერლანდებს 2-2 ქულა, პორტუგალიას – 1.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებთან ისევ პაიჭაძის სტადიონზე და ისევ 20:00 საათზე გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის რეკორდი: საქართველომ ევროპას ყველაზე მეტი ხალხი მოუგროვა – ქართველმა გულშემატკივარმა ისტორია შექმნა

როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება, ნებისმიერი თამაშის გადარჩენა შეიძლება: რამაზ სვანაძე