ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა “რეკორდი” ჩვენთვის მეტად საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს – საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, ლისაბონის “სპორტინგს” შეუერთდება.
ცხადია, ეს ტრანსფერი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. “სპორტინგი” თავისი წარსულით უდავოდ დიდი გუნდია ევროპულ ფეხბურთში. სხვადასხვა დროს ამ კლუბის ღირსება არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს დაუცავს. შორს რომ არ წავიდეთ, აქ უთამაშიათ ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანო რონალდოს, თუმცა, ცხადია, უფრო ღრმა წარსულის გახსენებაც შეიძლება…
“სპორტინგი” პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაშიც ასპარეზობს, გასულია პლეი-ოფში, სადაც “დორტმუნდთან” მოუწევს დაპირისპირება. რაც შეეხება პორტუგალიის ჩემპიონატს, “სპორტინგი” ამ დროისთვის დამაჯერებლად ლიდერობს, 20 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს და მთელი 6 ქულით უსწრებს პორტუგალიური ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდს, კიდევ უფრო ტიტულოვან ლისაბონის “ბენფიკას”.
“რეკორდი” გვამცნობს, რომ “სპორტინგის” სპორტულმა დირექტორმა, ახლო წარსულში შესანიშნავმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა უგო ვიანამ ქოჩორაშვილის ამჟამინდელ კლუბ “ლევანტესთან” მოლაპარაკება უკვე დაასრულა.
ცნობილი ხდება კონტრაქტის გარკვეული დეტალები. კერძოდ, “სპორტინგი” 5,5 მილიონ ევროს გადაიხდის. ბონუსების სახით კი “ლევანტე” კიდევ 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, “ლევანტე” გარკვეული თანხა ერგება იმ შემთხვევაში, თუ 25 წლის ნახევარმცველი “სპორტინგიდან” სხვა კლუბში გადავა.
რუბენ ამორიმის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემდეგ, გუნდს 43 წლის სპეციალისტი რუი ბორჟისი წვრთნის. მთავარი ვარსკვლავი კი შვედეთის ნაკრების შემტევი, ვიქტორ დიოკერეშია, ვისაც მსურველთა რიგი უდგას, მაგრამ “სპორტინგი”, ჯერჯერობით, მასთან განშორებას არ ჩქარობს.
ვინც “ლევანტეს” მატჩებს ყურადღებით ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ქოჩორაშვილი აშკარად გამორჩეულია თანაგუნდელთა შორის. სანამ ის “სპორტინგს” შეუერთდება, მის წინაშე დგას ერთი კონკრეტული ამოცანა – “ლევანტესთან” ერთად უნდა მოიპოვოს ესპანური ელიტის საგზური.
გავრისკავთ და დავწერთ – ქოჩორაშვილში იმხელა პოტენციალს ვხედავთ, იმედენად თანამედროვე ფეხბურთელად მიგვაჩნია, არც “სპორტინგი” გვგონია მისი კარიერის ყველაზე სახელოვანი ნავსაყუდელი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან კარგია, მისი ერთ-ერთი ლიდერი ამ რანგის კლუბში რომ მიდის…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings