in

ქართული რაგბი 60 წლისაა! შენობაში, სადაც თბილისის რეგბის სექცია დაარსდა, მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც 1961 წლის 1 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დაარსდა, დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეები, იქ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბნენ. იქვე იყო 60 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი გმირი – გივი მრელაშვილი, რომლის ინიციატივით და თავდადებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, სადაც რაგბის მმართველი ორგანიზაცია – „რეგბის საქალაქო სექცია“ დაარსდა.

ასე დაიწყო უწყვეტი ჯაჭვი, რომელმაც ქართველ ერს უამრავი სიხარული მიანიჭა, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა, რაგბი იქცა წარმატების სიმბოლოდ და დღეს ის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულის მიჯნაზე დგას.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის ინიციატივას, შენობაზე განთავსებულიყო ამ დღის აღმნიშვნელი მემორიალური დაფა, დიდი სიხარულით შეხვდა მისი ამჟამინდელი მფლობელი, „აჭარა ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი ბატონი თემურ უგულავა.

„დღეს რაგბის კავშირის 60 წლის იუბილეა. ბედნიერებაა, რომ გივი მრელაშვილის სახით ცოცხალი გმირი გვყავს. ხაზგასმით ვამბობ, 24 წლის ასაკში მან ბოლომდე იბრძოლა და იქ სადაც არაფერი იყო, პირველად საბჭოთა კავშირში, რაგბის სიყვარულით, საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დააფუძნა“.

ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი საყვარელი საქმე და როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნის წარმატებისა და მომავლისთვის. დღეს აქ სწორედ იმისთვის ვიმყოფებით, რომ 1961 წლის ეს ღირშესანიშნავი თარიღი ავღნიშნოთ და გავხსნათ მემორიალური დაფა. მიხარია, რომ ჩვენს გვერდით არის ბატონი გივი და ამდენი ვეტერანი მორაგბე“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

თავად გივი მრელაშვილი, 60 წლის წინ ვერც კი იფიქრებდა, თუ მის წამოწყებას ასეთი უზარმაზარი ტალღა მოყვებოდა:

„მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და ქართველი ხალხი რაგბს ასე შეიყვარებდა. ეს იყო ახალგაზრდული მისწრაფება რაღაც ახალის, კარგის შექმნის. მაშინ არანაირი პირობები არ გვქონდა, არც ვარჯიშის, არც მომზადების და მიკვირს კიდეც საიდან ქონდათ ბიჭებს ამდენი ენერგია, რომ ღამით, ყინვაში იკრიბებოდნენ და ვარჯიშობდნენ“.

„იმ დროს რაგბი სპორტის სახეობა თუ იყო ხალხმა არც კი იცოდა და ეგონათ სიმღერის ანსამბლს ვაყალიბებდით. დღეს უკვე ყველამ იცის ქართული რაგბის შესახებ და ბედნიერი კაცი ვარ ამას რომ მოვესწარი. ეს არის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომელიც ზრუნავს მორაგბეებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, არ ივიწყებს ვეტერანებს. ასევე უდიდესი ქველმოქმედის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომლის წყალობით გვაქვს შესანიშნავი ბაზები“.

პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მრავალგზის მფლობელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი რაგბის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ამ პროცესებში საკუთარ მონაწილეობას ასე იხსენებს:

„დღეს ჩვენ ვიცით, როგორი წარმატებულია ქართული რაგბი და როგორ ელოდება ქართველი ხალხი მორაგბეებისგან კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მაშინ კი რაგბის შესახებ რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ არაფერი იცოდა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა უკვე მოპოვებული მქონდა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. მითხრეს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბორის პაიჭაძე იქნებოდა, მე კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ და ასე გავხდი ამ ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი“.

იმ პერიოდში სათამაშოდ ინგლისში მივდიოდი და ადგილობრივი სპორტული ჟურნალისტის დახმარებით შევიძინე რაგბის წიგნი, რომელიც გადათარგმნეს და ასე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. მიხარია, რომ იმ თაობამ შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს ასეთი წარმატებულია და მინდა მორაგბეებს მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო“.

ქართული რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება ყველა ჩვენთაგანის ვალია:

დღეს ქართული რაგბის იუბილეა. 60 წლის წინ სწორედ ამ შენობაში დაარსდა „თბილისის რეგბის სექცია“ და საქართველოში რაგბის განვითარების უწყვეტი ჯაჭვი დაიწყო, იცვლებოდა მხოლოდ სახელები, ორგანიზაცია კი ფუნქციონირებას აგრძელებდა და დღეს გვაქვს საქართველოს რაგბის კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია დააფასოს ყველა სპორტმა, ყველა სპორტსმენმა და ადამიანმა, რადგან მისი დაუფასებლობა ბევრ არასასურველ რამეს იწვევს“.

ისტორიულ შენობაზე მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, რომელიც ამიერიდან ყველას ამცნობს, რომ სწორედ აქ, 1961 წლის 1 დეკემბერს, გივი მრელაშვილის თაოსნობით დაარსდა „საქალაქო რეგბის სექცია“, შეკრებილმა საზოგადოებამ „ავჭალის სარაგბო არენაზე“ გადაინაცვლა, სადაც გივი მრელაშვილის წიგნის – „ერთხელ თუ ითამაშე“ – პრეზენტაცია შედგა. წიგნში მოთხრობილია ქართული რაგბის პირველი ნაბიჯების შესახებ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელები vs მწვრთნელები

გიორგი ჩხაიძე: მთელ საქართველოს გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ირლანდიასთან კატასტროფული მარცხისთვის