ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა და მისმა “კარლსრუემ” სტუმრად “ჰანზა” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სეზონში მე-11 გოლი შეაგდო: მეორე ტაიმის დასაწყისში მან თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ცაციათი ბურთი მოჭრა და შორეულ კუთხეში კოხტად ჩასვა.
ზივზივაძემ პირველ ტაიმშიც გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ჩვენიანი 86-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასებებია: Flashscore – 7.9 (მეორე მაჩვენებელი ორივე გუნდში). Sofascore – 7.7, Whoscored – 7.6.
ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “შტურმმა” “ჰარტბერგს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1.
მასპინძელთა ეს ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზეა. მან ანგარიში
58-ე წუთზე გაათანაბრა და სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “შტურმს” უკვე მე-9 წუთზე კაცი გაუგდეს და ლამის მთელი მატჩი კაცნაკლულმა ჩაატარა. დაკარგული ქულების მიუხედავად, გუნდი პირველ ადგილს შეინარჩუნებს, თუმცა მდევარმა „ზალცბურგმა“ თუ მოიგო, ერთ ქულაში მიუახლოვდება.
მომდევნო თამაში „შტურმს“ 12 მაისს სტუმრად უწევს მესამეადგილოსან „ლინცერთან“.
კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა, ოღონდ უკვე ოკეანის გაღმა.
MLS-ში საბა ლობჟანიძის “ატლანტა” 1:2 დამარცხდა “მინესოტასთან”. ლობჟანიძემ 82-ე წუთზე გაიტანა გოლი მას მერე, რაც პარტნიორმა ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიაწოდა და ჩვენიანიც მეკარესთან პირისპირ რომ დარჩა, გოლის გატანა არ გასჭირვებია.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 7.0 დაიმსახურა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings