საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა. პორტუგალიასთან ურთულეს და გადამწყვეტ შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ.
ბუდუ ზივზივაძე:
„მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში.
ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.
თურქეთთან, ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.
პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან, ვითამაშებთ პლეი-ოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი, 26 ივნისს, მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings