გრაცის „შტურმში“ აქამდე ხუთი ქართველი ირიცხებოდა და ყველამ წარმატებით ითამაშა – ასე გამოეხმაურა გამოცემა „კრონე“ თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველის, გიზო მამაგეიშვილის ავსტრიულ კლუბში გადასვლას.
„გიზო მამაგეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის თბილისის „იბერიის“ კაპიტანი იყო და 6 დეკემბერს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მამაგეიშვილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა, ივნისში კი სლოვაკეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა. მისი ტყუპისცალი ოთარი ზაფხულში პორტუგალიის „ფამალიკაოში“ ჩაირიცხა. „შტურმის“ ახალწვეულს ევროთასებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ქართველი ფეხბურთელები „შტურმში“, ტრადიციულად, კარგი რეპუტაციით სარგებლობენ: დავით მუჯირმა 2001-2006 წლებში გრაცელთა რიგებში ავსტრიის ბუნდესლიგის 130 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მას მოჰყვა გიორგი შაშიაშვილი (2007–2009), ილია კანდელაკი (2008–2010) და გიორგი ფოფხაძე (2011–2012).
„შტურმის“ ყველაზე წარმატებული ქართველი უდავოდ ოთარ კიტეიშვილია, რომელმაც გუნდს ორჯერ ჩემპიონის ტიტული და ორჯერ ავსტრიის თასი მოაგებინა. ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 192 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა და ზედიზედ ორჯერ გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.
„შტურმის“ გულშემატკივრების დიდი სურვილია, რომ მან გუნდში კონტრაქტის ბოლომდე, 2027 წლამდე ითამაშოს“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings