in

ქართველი ევროპის მწვერვალზე: ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის და ალბათ მსოფლიოს მთავარი ტურნირი მოიგო: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა გუნდმა ფინალი იშვიათი ანგარიშით მოიგო – 5:0 გაანადგურა “ინტერი”. კვარამ კი გოლი გაიტანა და პირველი ქართველია, რომელსაც ლიგის ფინალში გოლი გაუტანია.

ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე – ვინც კონტინენტის მთავარი საკლუბო ტროფეი აღმართა. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ეს ორჯერ შეძლო 2003 და 2007 წლებში.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით მოგებულ ფინალში “კვარა” ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ. გოლი თავისთავად და, დიდებულად ითამაშა – პირველი ორი საგოლე შეტევა სწორედ მისგან დაიწყო, შეტევასა და დაცვაში ზეპროდუქტიული გახლდათ.

თითქოს, ხვიჩასაც ეტყობოდა ცოტა ნერვიულობა, როცა ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ბოლოს მაინც მოერია საკუთარ თავს და გოლის ეპიზოდში ცივსისხლიანად იმოქმედა! შეფასებები: Flashscore – 7,8; Sofascore – 7,4; Whoscored – 7,9.

მადლობა, ხვიჩა!

პსჟ – ინტერი 5:0
31.05. მიუნხენი. “ალიანც არენა”. 64 327 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჰაკიმი (12. დუეს პასით), 2:0 დუე (20. დემბელეს პასით), 3:0 დუე (64. ვიტინიას პასით), 4:0 კვარაცხელია (73. დემბელეს პასით), 5:0 მაიულუ (86. ბარკოლას პასით)

პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში (78. ერნანდესი) – ნევეში (84. ზაირ-ემერი), ვიტინია, ფაბიან რუისი (84. მაიულუ) – კვარაცხელია (84. რამუში), დუე (67. ბარკოლა), დემბელე

ინტერი: ზომერი – პავარი (54. ბისეკი / 62. დარმიანი), აჩერბი, ბასტონი – დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ (70. ასლანი), მხითარიანი (62. კარლოს აუგუსტო), დიმარკო (54. ჟალევსკი) – ლ. მარტინესი, ტურამი

პსჟ პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

ევროპის საკლუბო ტურნირების ისტორიაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ინტერის” ერთმატჩიანი ფინალი არის პირველი, რომელშიც გუნდებს შორის გატანილი გოლების სხვაობა ყველაზე დიდია (+5).

მილანის “ინტერი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5 გოლი გაუშვა. თუ ჩავთვლით დღევანდელი ტურნირის წინამორბედ ჩემპიონთა თასს, ასეთი რამ ბოლოს 1962 წელს მოხდა, როცა “ბენფიკამ” 5:3 მოუგო “რეალს”.
პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5 გოლი გაიტანა – ეს ერთით მეტია, ვიდრე ერთად აღებული პირველი 7 ფრანგული კლუბის მიერ ფინალებში გატანილი გოლების რაოდენობა (“რეიმსი” – 3, “მარსელი” – 1).

დეზირე დუე გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3 (ან მეტ) გოლში მიიღო მონაწილეობა.

დეზირე დუე გახდა მე-6 ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, ხოლო ასაკით (19 წლის და 362 დღის) ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ამას მიაღწია.

პირველად, ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთ-ერთმა გუნდმა პირველ 20 წუთში 2 გოლი გაუშვა.

ლუის ენრიკე გახდა მხოლოდ მეორე მწვრთნელი, ვინც ევროპულ კლუბთან ერთად ორჯერ მოახერხა “თრებლის” (ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონატი, თასი) მოგება. პირველად მან ეს 2014/15 წლების სეზონში “ბარსელონასთან” ერთად შეძლო. მასთან ერთად, ამ მიღწევას ფლობს მხოლოდ ხოსეპ გვარდიოლა (“ბარსელონა” 2008/09 და “მანჩესტერ სიტი” 2022/23 წლების სეზონებში).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-მ ფინალის განაცხადი დაასახელა

ხვიჩა: მჯეროდა, რომ მოვიგებდით