in

ქართველები ამაყი ხალხი ვართ, დამოუკიდებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია: კიტეიშვილი

“ოთარ კიტეიშვილმა “შტურმი” ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე მიიყვანა. ყოფილი სამაგალითო სტუდენტი და ქუჩის ფეხბურთელი კლუბის ლეგენდად იქცა”, – ამის შესახებ გამოცემა Ballesterer 198 წერს, რომელმაც საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველს ინტერვიუ ჩამოართვა.

“ოთარ კიტეიშვილი ფიზიკურად ძლიერია. “შტურმის” სავარჯიშო ცენტრში, რომელიც მესენდორფშია, ყველას 4 მეტრით უსწრებს. ასევე ძლიერია მნიშვნელოვან შეხვედრებში. როცა “შტურმი” 25-ე ტურში “ზალცბურგს” ესტუმრა და გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ 10 მოთამაშით დარჩა, ქართველმა ორი გოლი გაიტანა.

29 წლის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე არაჩვეულებრივ რაღაცეებს აკეთებს, “შტურმში” 2018 წლის ზაფხულში, თბილისის “დინამოდან” გადავიდა და მას შემდეგ გუნდის შეტევით ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. მან კლუბთან ერთად ჩემპიონის ორი ტიტული და ორი თასი მოიგო, ხოლო თავად, 2023/24 და 2024/25 წლების სეზონებში ზედიზედ ორჯერ დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ…

როგორ მოხვდით “შტურმში”?

თბილისის “დინამოში” კარგი სეზონი ჩავატარე და ჩემმა აგენტმა წამომიყვანა, რომელიც ადრე “შტურმში” თამაშობდა. ეს იყო 2018 წლის ზაფხულში. “აიაქსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება არ მომცეს, რადგან მანამდე, იმავე ტურნირში, “დინამოს” დავეხმარე. თამაშს ტრიბუნიდან ვუყურე და ეს ატმოსფერო, შესანიშნავი გულშემატკივრების წყალობით, მაშინვე მომეწონა.

ავსტრიაში საქართველოსგან პირველად რა განსხვავებები შენიშნეთ?

საქართველოში ხალხი ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული. აქ ხალხი მეგობრულია, მაგრამ თავიდან ამას ვერ ამჩნევ. მხოლოდ ახლა ვგრძნობ, რამდენად კარგია აქაური ხალხი.

განა, ეს არ უნდა მოგწონდეთ?

მე თავშეკავებული ვარ და ადამიანებთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად დრო მჭირდება. ახლა გრაცი ჩემი მეორე სახლია. სწორედ ამიტომ ვარ აქ ამდენი ხანი. ასევე, ავსტრიაში რამდენიმე ქართველთან მაქვს ურთიერთობა.

ქართული დამწერლობა ლამაზი და ძველია…

მეც ასე ვფიქრობ. ჩემი თანაგუნდელები იცინიან და ამბობენ – არაბულს ანბანს ჰგავსო. ანბანი ჩვენს ისტორიაში სამჯერ შეიცვალა. სკოლაში ვისწავლეთ ქართული, ინგლისური და რუსული. ანუ, სამი ენა და სამი განსხვავებული ანბანი.

ამან თქვენი, როგორც მოთამაშის, კრეატიულობა გაზარდა?

ასე ფიქრობთ? მართლა? თქვენ რამდენ ანბანს სწავლობთ ავსტრიაში?

სტანდარტულად, მხოლოდ ერთს…

შესაძლოა, ხანდახან შემოქმედებითად ვთამაშობ, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდე, რომ ვთქვა – საიდან მოდის ჩემი შემოქმედებითობა.

ოთხი წლის წინ Sky-ის ვებგვერდზე ვნახე რეპორტაჟი, სადაც გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იყავით. თქვით, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში კლასში საუკეთესო იყავით. ახლაც სწავლობთ?

არა, უბრალოდ, გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩემი გადაღება სურდათ. ყოველთვის მინდოდა ფეხბურთის თამაში. სკოლის შემდეგ უკვე ვფიქრობდი უნივერსიტეტში სწავლაზე და მისაღები გამოცდები ჩავაბარე, ოღონდ, მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე პროფესია მქონოდა, რადგან ფეხბურთელმა არასდროს იცი, რა მოხდება და თავი უნდა დაიცვა. ვინ იცის, მომავალი რას გვიმზადებს. იქნებ, მაინც ვისწავლო…

რა უნდა გააკეთოს “შტურმმა”, რომ მომავალშიც წარმატებული იყოს?

წარმატების შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე ერთ დღეს მწვერვალზე მისვლა. მაგრამ კლუბს ამის პოტენციალი აქვს. ჩვენ სხვებისგან უნდა ვისწავლოთ. შევხედოთ, რა ხდის მათ წარმატებულს და ამავდროულად შევინარჩუნოთ საკუთარი გზა.

გულშემატკივრებთან ერთად, შეგვიძლია უმაღლეს ევროპულ დონეზე თამაში. ასეთი გულშემატკივრები სხვაგან არსად არიან. “რაპიდთან” გასვლითი მატჩის წინ, გახურების დროს, ყველანი ვიღიმოდით, რადგან ფანები ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ.

“შტურმს” ჰყავს იონ გორენც სტანკოვიჩი, მალიკ იალკუიე, ტომი ჰორვატი და ტოჩი ჩუკვუანი. ამ მოთამაშეების რა თვისებებს ისურვებდით?

მინდა, სტანკოვიჩის განსხვავებული სათამაშო ინტელექტი მქონდეს, ის ძალიან ჭკვიანი და საჰაერო ორთაბრძოლებში წარმოუდგენლად ძლიერია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ სწრაფი იყოს. ძალიან მომწონს ჩუკვუანი. ის მოედანზე ყოველთვის ლიდერია. მინდა, მისნაირი ძლიერი ვიყო.

ვერ წარმოიდგენთ, მოედანზე რამდენს იხარჯება. თუ საკუთარი თავით იმედგაცრუებული ვარ და ამას ხედავს, მამხნევებს. ჰორვატისგან ავირჩევდი დარტყმებს, ჩაწოდებებს და, რა თქმა უნდა, მის “სტანდარტულებს”. მალიკს კი ისეთი ილეთები აქვს, რომელთა გაკეთებაც მხოლოდ მას შეუძლია, მინდა, რომ მის მსგავსად შევძლო დრიბლინგი.

ვინ არის “შტურმში” თქვენი საყვარელი მოთამაშე?

რასმუს ჰოილუნდი ალბათ ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო, ვისთან ერთადაც აქ მითამაშია. ჩემი საყვარელი მოთამაშე მანი საკარია იყო. მენატრება და მომავალ კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეთ?

ორი დამოუკიდებლობის დღე გვაქვს. ერთხელ, 1918 წლის მაისში, როდესაც ქვეყანამ პირველად მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისგან, და 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირიდან გავიდა. ქართველები ამაყი ხალხი ვართ, დიდი ხანი ვიყავით რუსეთის გავლენის ქვეშ და დამოუკიდებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილური ჩანს…

რთული ვითარებაა… მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება. უბრალოდ, არ მინდა გითხრათ, პირადად რას ვფიქრობ ამ საკითხზე.

არეულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები 2024 წელს პირველად მოხვდა დიდ ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატმა რა მოგონებები დაგიტოვათ?

გუნდი ერთი თვის განმავლობაში ერთად იყო, თავდაპირველად – ავსტრიაში, შეკრებაზე, შემდეგ კი გერმანიაში. ეს კვირები საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ძალიან გავერთეთ, უამრავი დადებითი ენერგია და სიხარული მივიღეთ. საუზმიდან ვახშმამდე ერთად ვიყავით. ოთახში მხოლოდ დასაძინებლად ავდიოდით.

ნაკრებში თქვენი ერთ-ერთი თანაგუნდელი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც ნეაპოლში “კვარადონა” შეარქვეს. საქართველოს ეროვნულ გუნდში საყრდენ ნახევარმცველად იმიტომ თამაშობთ, რომ შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიაა?

ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა, საყრდენ ნახევარმცველად უფრო მეტად იმიტომ მაყენებენ, რომ დისციპლინირებული და ცოტა უფრო გამოცდილი ვარ, ვიდრე ჩვენი ახალგაზრდა შემტევები. დანარჩენები თამაშობენ იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდით. ამან გაამართლა.

რას აკეთებთ, როცა ფეხბურთს არ თამაშობთ?

მიყვარს ჩოგბურთის და კალათბურთის თამაში, სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟების ყურება. სხვა საფეხბურთო მატჩების, ასევე, ფორმულა 1-ის, რომლის სიმულატორი მქონდა და ძალიან კარგად გამომდიოდა.

სად და როგორ გაიზარდეთ?

კარგი ბავშვობა მქონდა. ოთხი ძმა ვართ, ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ოთხი წელია. ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდით მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად. მამაჩემი მუშაობდა და დედაჩემი ჩვენთან ერთად იყო სახლში. მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი რუსთავი, სადაც 100 000-ზე ცოტა მეტი მაცხოვრებელია და დედაქალაქ თბილისთან ახლოსაა.

თქვენი ძმა, პაატა კიტეიშვილიც თამაშობს ფეხბურთს…

ის ახალგაზრდა ასაკში ნიჭიერი იყო, მაგრამ, როგორც პროფესიონალმა, წარმატებას ვერ მიაღწია.

იყო ვინმე, ვინც გამხნევებდათ?

ჩემი მშობლები და პირველი მწვრთნელები. კლუბში თამაში მხოლოდ 11 წლისამ დავიწყე. შემდეგ გამიმართლა, რომ რუსთავის “მეტალურგში” თამაშის დროს ფეხბურთელების კარგი თაობა გაიზარდა და ჩვენმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ, მათგან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ის პროფესიონალებში დებიუტის დროსაც მავარჯიშებდა, როდესაც “მეტალურგში” პირველად ვითამაშე.

როდესაც თამაშის ბედი ბეწვზე კიდია, თქვენ წყვეტთ, როდის გაზარდოთ თამაშის ტემპი და მოედანზე რა და როგორ შეცვალოთ. ამას როგორ ახერხებ?

ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობაა. ეს მეხმარება, ბოლო წუთებში დამატებითი ძალები რომ ვიპოვო. ეს ფსიქოლოგიური საკითხია. თითოეული თამაშის წინ ვფიქრობ, რა მაძლევს დამატებით ძალას, რა დამეხმარება რთულ მომენტებში. როცა თამაშის დრო დგება, კონცენტრირებული ვარ და ძალებს ესეც მმატებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ქართველები ამბიციური ხალხი ხართ. თქვენ რისი ამბიცია გაქვთ?

ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა. თუ სხვა ლიგაში თამაშს შემომთავაზებენ, დავფიქრდები. დიდი დრო არ დამრჩა. ვინ იცის, შევძლებ თუ არა ფეხბურთში მაქსიმუმის მიღწევას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფეხბურთი ძალიან რთული რამ არის.

არ არსებობს სახელმძღვანელო იმისთვის, თუ რა უნდა გააკეთო წარმატების ავტომატურად მისაღწევად. ყველაფერი გუნდის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. დიდი კონკურენციაა. თუ შენ არ ხარ იქ, მაშინ სხვა მოხვდება.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მისი ადგილი პრემიერლიგაშია