ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში სამი ოლიმპიური მედლით დაბრუნდნენ. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა (90 კგ) კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება. ამასთანავე, ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა ლაშა ბექაურის, ლაშა შავდათუაშვილის, ილია სულამანიძის, ეთერ ლიპარტელიანის, ეთერ ასკილაშვილისა და სოფიო სომხიშვილის შემადგენლობით.
წარმატების მისალოცად ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დახვდა. სპორტსმენების დასახვედრად მივიდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. მეოთხე მედალი საქართველოს მოუტანა მოკრივე ლაშა გურულმა. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე მოკრივეა, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლებისთვის ბრძოლაში ამჯერად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ძალოსნები ჩაებმებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings