არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლეო მესი ინდოეთის ქალაქ კალკუტაში საკუთარი ქანდაკების გახსნას დაესწრო.
ღონისძიება „სოლტ ლეიკის“ სტადიონზე გაიმართა. დაახლოებით 21-მეტრიანი ქანდაკება მესის გამოსახავს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის თასს უჭირავს ხელში.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. აღფრთოვანებული ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც კალკუტას მოსახლეობამ ეროვნული ნაკრებისა და ჩემთვის გამოხატა. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, – თქვა ლეომ.
მესიმ გახსნას ვიდეოკავშირის საშუალებით უყურა. დაწერეს, რომ ეს უსაფრთხოების ზომების გამო მოხდა. ინდოეთში მოგზაურობისას არგენტინელი ლეგენდა ოთხ ქალაქს უნდა ეწვიოს: მუმბაის, ნიუ დელის, ჰაიდარაბადსა და კალკუტას. ის ინდოეთის პრემიერს ნარენდრა მოდისაც შეხვდება.


მესი ხალხს არ აჩვენეს
აი გულშემატკივრები კი იმედგაცრუებული და მოტყუებული დარჩნენ: ბევრი მათგანი მთელი ღამე ელოდა, მაგრამ მესი აეროპორტიდან ფაქტობრივად შეუმჩნევლად გაიყვანეს და სასტუმროში უკანა შესასვლელიდან შეაპარეს. მთელი მეშვიდე სართული, სადაც ლეო იმყოფებოდა, დაკეტილი იყო.
პროგრამის მთავარი მოვლენა საჩვენებელი მატჩი და მესისთან შეხვედრა იყო 70 000 ადგილიან სოლტ ლეიკის სტადიონზე. ინდოელმა გულშემატკივრებმა სტადიონი შეავსეს იმ იმედით, რომ კერპს დაინახავდნენ. თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა არგენტინელს იმდენად შემოარტყეს ალყა, რომ ის უხილავი დარჩა.

გულშემატკივრები განრისხდნენ, სტვენა დაიწყეს, შემდეგ კი ბოთლების, სკამების და ყველაფრის სროლა, რაც კი ხელში ჩაუვარდებოდათ. ამის გამო მესიმ ვერ შეძლო საპატიო წრის სრულად დარტყმა და სწრაფად დატოვა მოედანი.
ამან გულშემატკივრები კიდევ უფრო გააბრაზა: განრისხებული ინდოელები მოედანზე შევარდნენ, სარეკლამო დაფები და სხვა რაღაცეები დაამსხვრიეს.
ერთ-ერთმა მაყურებელმა კომენტარი გააკეთა: „მხოლოდ პოლიტიკოსები და მსახიობები იყვნენ მესის გარშემო… მაშინ რატომ დაგვიპატიჟეს? მე მაქვს 12 000 რუპიის ბილეთი, მაგრამ მისი სახეც კი ვერ დავინახეთ…“
ტრენდული ტვიტი: „ათასობით რუპია გადავიხადეთ მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკოსები სელფებს იღებდნენ, მესი კი წუთებში ქრებოდა“.




ღონისძიების ორგანიზატორი დააკავეს
არეულობამ ხელისუფლების რეაქცია გამოიწვია.
დასავლეთ ბენგალის მთავარმა მინისტრმა, მამატა ბანერჯიმ, მესის და უკმაყოფილო მაყურებლებს ბოდიში მოუხადა: „ძალიან შეშფოთებული და შოკირებული ვარ იმ ცუდი ორგანიზებით, რაც ვნახეთ. სტადიონზე მივდიოდი ღონისძიებაზე დასასწრებად ათასობით სპორტსმენთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც თავიანთი საყვარელი ფეხბურთელის სანახავად შეიკრიბნენ. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს მესის და ყველა სპორტის გულშემატკივარს ამ სამწუხარო ინციდენტისთვის“.
„ღონისძიების ორგანიზატორი დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა დასავლეთ ბენგალის გუბერნატორმა, ანანდა ბოსემ.
ეს ყველაფერი ინდოეთში ფეხბურთის ლეგენდების ტურის ხელმძღვანელის, სატადრუ დატას ორგანიზებით ხდება. 2015 წელს მან პელე, ორი წლის შემდეგ კი დიეგო მარადონა ჩაიყვანა და კაფუც მიიწვია. მან მესისთვის ყოვლისმომცველი პროგრამა მოამზადა: ქანდაკებისა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გარდა, კრიკეტის ტურნირიც გაიმართება. არგენტინის მოგზაურობა 15 დეკემბერს დასრულდება.
დატა ასევე ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ლეოსთან პირადად შეხვედრას და მასთან ფოტოს გადაღებას, რისი ფასი 9,5 მილიონი რუპიაა, ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი კი 32 000 რუპიაა.

იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც მესის ნახვა სურდა
ზოგიერთმა გულშემატკივარმა იმავე სასტუმროში ნომრებიც კი დაჯავშნა, რათა თავის კუმირთან ახლოს ყოფილიყო. მათ შორისაა მეცხრე კლასის მოსწავლის, კრიშ გუპტას ოჯახი. ის კრიშტიანო რონალდოს გულშემატკივარია, მაგრამ მესისთან შეხვედრის შანსის ხელიდან გაშვება როგორია: „მე რონალდოს დიდი გულშემატკივარი ვარ, მერე რა? მისი ყველაზე დიდი მეტოქე ჩემს ქალაქში ჩამოდის და არ შემიძლია მისი გამოტოვება. ამიტომ სასტუმროში წინა დღით დაბინავება დავგეგმეთ“.
ერთმა გულშემატკივარმა კი გასულ კვირას იქორწინა, მაგრამ მესის გამო თაფლობის თვე გააუქმა.
მესის ინდოეთში ყველაზე დიდი ქანდაკება აქვს, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. ლაპორტა „კამპ ნოუზეც“ დაუდგამს.
ლეოს ინდური ქანდაკება 40 დღეში ააგეს. უზარმაზარი ქანდაკების გარდა, გულშემატკივრებს ასევე შეუძლიათ არგენტინის გულშემატკივართა ზონის მონახულება, სადაც ფეხბურთელის ნატურალური ზომის ქანდაკება ტახტზეა წამოსკუპული. ოთახი მისი თასების ასლებითაა მორთული. ასევე შეიქმნა მესის მაიამიში მდებარე სახლის ვარიანტი, აივანზე კი ფეხბურთელისა და მისი ოჯახის მანეკენებია.

ნოემბერში, „ბარსას“ პრეზიდენტმა ლაპორტამ პირობა დადო, რომ მესის ქანდაკებას „კამპ ნოუსთან“ დადგამდა.


GIPHY App Key not set. Please check settings