ისეთი სეზონი ჰქონდა ლევერკუზენის „ბაიერს“, სულ რომ მსოფლიო ნაკრები დაგეყენებინა მის წინააღმდეგ, იფიქრებდი ამასაც მოუგებსო. თუ 90 წუთში ვერა, წამატებულ დროში ხომ მაინც გაიტანს მინიმუმ ორ გოლს… მაგრამ აგერ ერთხელაც კოკამ წყალი ისევ ვეღარ მოიტანა. გამოვიდა ლუკმანი და ერთ ლუკმაში შესანსლა უძლეველი „ბაიერი“.
ის, რაც 51 მატჩში ვერავინ მოახერხა, 63 წუთში შეძლო 26 წლის ნიგერიელმა: ჰეთ თრიქი ფინალში და თასი ბერგამოში!
“ატალანტა” მთელი მატჩი ჯობდა მეტოქეს და წამით არ დაუყენებია საკუთარი უპირატესობა ეჭვ ქვეშ. ჩაბი ალონსომ ვერაფერი მოუხერხა მოწინააღმდეგეს, არც შეცვლებმა უშველა, არც მაგიურმა წამატებულმა წუთებმა. მოკლედ, არ წაუვიდა გერმანულ კლუბს საქმე და მარცხიც იწვნია. არადა, 0:2-ზე ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, წინ გამოსულ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ გრიმალდოს წესივრად რომ დაერტყა, ვინც იცის, მაგრამ…
ევროპალიგა. ფინალი
ატალანტა – ბაიერი 3:0
22.05. დუბლინი. ავივა. 47 135 მაყურებელი
გოლები: 1:0 ლუკმანი (12. ძაპაკოსტას პასით), 2:0 ლუკმანი (26), 3:0 ლუკმანი (75. სკამაკას პასით)
ატალანტა: მურსო – ჯიმშიტი, ჰიენი, კოლაშინაცი (46. სკალვინი) – ძაპაკოსტა (84. ჰატებური), ედერსონი, კოოპმეინერსი, რუჯერი (90+1. ტოლოი) – დე კეტელერი (57. პაშალიჩი), ლუკმანი, სკამაკა (84. ტურე)
ბაიერი: კოვარი – სტანიშიჩი (46. ბონიფასი), ტაა, ტაპსობა – ფრიმპონგი (81. ტელა), ჯაკა, პალასიოსი (68. ანდრიხი), ინკაპიე – ვირტცი (81. შიკი) – გრიმალდო (69. ჰლოზეკი), ადლი
ბერგამოს “ატალანტამ” ისტორიაში პირველად მოიგო ევროპული თასი.
“ატალანტამ” 1963 წელს იტალიის თასი მოიგო და მას შემდეგ ეს ისი პირველი ტროფეია.
„ატალანტა“ გახდა პირველი იტალიური კლუბი, რომელმაც 1999 წლის (“პარმა”) შემდეგ მოახერხა რანგით მეორე ევროტურნირში გამარჯვება.
66 წლისა და 117 დღის ჯან პიერო გასპერინი არის ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, რომელმაც პირველად მოიგო ევროტურნირი, და მეორე იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც მაურიციო სარის (2019) შემდეგ ევროპალიგა მოიგო.
ადემოლა ლუკმანი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირის ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა იტალიური კლუბის სახელით. პირველად ეს მოახერხა „მილანის“ პიერინო პრატიმ 1969 წელს, “აიაქსთან”.
ლუკმანი მე-6 ფეხბურთელია, ვინც ევროტურნირის ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია – 42 მოგება და 9 ფრე.
ჩაბი ალონსო: „ატალანტამ“ აჯობა „ბაიერს“, უკეთესი გუნდი იყო. ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო დონე“.
გასპერინი: „ჩვენ ისტორია დავწერეთ. გავაგდეთ „სპორტინგი“, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო, ვაჯობეთ პრემიერლიგაში პირველ ადგილზე მყოფ „ლივერპულს“. 3:0 „ბაიერთან“ – დამსახურებული ანგარიშია“.
GIPHY App Key not set. Please check settings