მსოფლიოს სპორტული მედია აღფრთოვანებული წერს საქართველოს ნაკრების კარის დარაჯზე, გიორგი მამარდაშვილზე. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” სენსაციური მარცხი განიცადა ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ვალენსიასთან” და ამ შეხვედრაში მთავარი კაცი “ღამურების” ქართველი მეკარე იყო. გიორგიმ 11-მეტრიანის ნიშნულიდან არ გაატანინა ვინისიუს ჟუნიორს და მერეც არაერთი ურთულესი ბურთი აიღო თუ მოიგერია.
მოდი, გავეცნოთ ცნობილი ესპანური გამოცემის, AS-ის წერილს მამარდაშვილის გმირულ თამაშზე: “ის ნამდვილი უცხოპლანეტელი იყო”, – ასე წერს ერთ-ერთი გამორჩეული ესპანური სპორტული მედიასაშუალება.
“მე უნდა დამემტკიცებინა, რა შემიძლია. ეს სიტყვები ეკუთვნის საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, ვინც დიდებული მატჩი ჩაატარა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ის ნამდვილი “უცხოპლანეტელი” იყო. მეორე მხრივ, საკმაოდ რთული სეზონის ფონზე ის “ვალენსიას” უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
არადა, ცოტა ხნის წინ განხილვის სერიოზული თემა იყო ის, ხომ არ უნდა დაეთმო მამარდაშვილს ადგილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში ჩრდილომაკედონიელი სტოლე დმიტრიევსკისთვის. ამ მსჯელობას ისიც აძლიერებდა, რომ მამარდაშვილი ბოლო მატჩებს ატარებს “ვალენსიას” შემადგენლობაში, რის შემდეგაც ზაფხულში “ლივერპულს” შეუერთდება.
მამარდაშვილი საუკეთესოდ დაასახელეს შეხვედრაში, რომელშიც 8 მოგერიება ჰქონდა. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ “ვალენსიამ”, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზე”, თან მისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში…
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთვის” ისევ გადაიქცა იმ მოთამაშედ, რომელსაც გუნდისთვის ლამის პირადად მოჰქონდა ქულები მთელ რიგ შემთხვევებში. კი, “რეალი” წყვილის აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ როცა კარში ასეთი მეკარე გყავს, შეგიძლია, ქულების მოპოვება “ბერნაბეუზეც” კი დაგეგმო.
არადა, “რეალი” ძალიან მოტივირებუკლი იყო და მაგრად უტევდა. მათ 17-ჯერ დაარტყეს “ვალენსიას” კარის მიმართუკლებით, საიდანაც კარის ჩარჩოში 9 დარტყმა წავიდა. მამარდაშვილმა პრაქტიკულად ყველაფრის მოგერიება შეძლო.
ერთადერთი გოლი მან ვინისიუსის დარტყმის შემდეგ გაუშვა. ეს მოხდა “რეალის” მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ და ამ შემთხვევაში მეკარე ვერანაირად ვერ შეძლებდა გუნდის გადარჩენას…
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ 8 “სეივიდან” 5 – განსაკუთრებული სირთულის იყო. ამ შემთხვევებში, “რეალი” ძალიან ახლოს იყო გატანასთან. უნდა გავიხსენოთ მბაპეს “გასროლა” ხარიხის ცოტა ქვემოთ, ვალვერდეს დარტყმა, ლუკას ვასკესის შეტევა, რიუდიგერის შანსი და, თავისთავად ცხადია, ვინისიუსის თერთმეტმეტრიანი”, – წერს ესპანური გამოცემა.
ცხადია, მამარდაშვილის დიდებული თამაში “ბერნაბეუზე” არ გამოჰპარვიათ ინგლისელებს. იქაური სპორტული პრესა დიდი ყურადღებით აკვირდება ქართველ მეკარეს, რაკი მან სულ მალე “ლივერპულის” ღირსება უნდა დაიცვას.
“ვალენსიაში იჯარით მოთამაშე გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მზადაა, პირველი მეკარის სტატუსით შეუერთდეს “ლივერპულს”. ეჭვგარეშეა, რომ მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მეკარეა, “ლივერპულს” კი, თავის მხრივ, საუკეთესო მეკარე ჰყავს ალისონის სახით.
ცხადია, ბრაზილიელისთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ იქნება. ამის გაკეთება ყველას გაუჭირდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მან ეს მოახერხოს. “რეალთან” ქართველმა აჩვენა, რომ შიში მისთვის უცხოა. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მამარდაშვილს “ლივერპული” იჯარით გაუშვებს რომელიმე სხვა კლუბში, მაგრამ…
ის თავისი მოქმედებით ამტკიცებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და უნდა “ენფილდზე” დამკვიდრება. მან ვინისიუსს მოუგო დუელი და მზადაა, გადამწყვეტი ნახტომი გააკეთოს “ლივერპულში”. ასე რომ, მომავალ სეზონში არნე სლოტის პირველი არჩევანი, ჯერჯერობით, უცნობია”, – წერს “ენფილდ ვოჩი”.
“გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო თამაში ჩაატარა სეზონში “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მან გაგვახსენა ალისონის ბრწყინვალე თამაში პსჟ-ის წინააღმდეგ პარიზულ მატჩში. ალისონი შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ ნოემბერში ის 33 წლის ხდება. გარდა ამისა, მან გამოთქვა “ინტერში” დაბრუნების სურვილი. ასეც რომ არ მოხდეს, კაომინ კელეჰერი, დიდი ალბათობით, დატოვებს “ლივერპულს” და ძირითადი მეკარის პოზიციისთვის ბრაზილიელი და ქართველი იბრძოლებენ.
“ლივერპულის” გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ მამარდაშვილი აქ მეორე ნომრად არ მოდის და მან ამის თაობაზე უკვე განაცხადა დაახლოებით ერთი თვის წინ. “მე მომხიბლა კლუბის პროექტმა. ეს მას შემდეგ, რაც კლუბის წარმომადგენლებს ველაპარაკე. სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იმ შემთხვევაშიც ვიბრძოლებ, თუ ალისონი არ წავა გუნდიდან”, – თქვა მაშინ ქართველმა მეკარემ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ მამარდაშვილი ალისონზე მთელი 8 წლით უმცროსია. ის ისე გამოიყურება, რომ ალისონის შეცვლა შეუძლია. ან ახლა, ან ორი წლის წლის მერე. ქართველი მეკარის შესანიშნავმა თამაშმა “ვალენსიას” ძალიან მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა და ეს გუნდი მთელი 8 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას.
თამაშის შემდეგ მამარდაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, ეს მის კარიერაში საუკეთესო თამაში იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთი მატჩია დარჩენილი და ამ შეხვედრებში ის კიდევ უფრო უკეთ თამაშს აპირებს. გვახსოვს, როგორი სირთულის ბურთები აუღო მან ვალვერდეს, მბაპეს, ვინისიუსს…”.
სლოტი ყოველთვის ამბობს, რომ ალისონი პირველი ნომერია იმ შემთხვევაში, როცა ის ფორმაშია, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება ამჯერად”, – ასე ეხმაურება გიორგის თამაშს Liverpool.com.
“გიორგი მამარდაშვილმა პირადი დუელი მოუგო ვინისიუს ჟუნიორს და თამაშის შემდეგ თქვა, რომ ბრაზილიელმა მას მოგებული სანაძლეო არ გადაუხადა 50 ევროს ოდენობით. “ვალენსიას” შოკური გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” “რეალს” მთელი 6 ქულით გაექცა.
ქართველი მეკარე “ლივერპულმა” აგვისტოში 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მას “ენფილდზე” ალისონის ხანგრძლივ მემკვიდრედ მიიჩნევენ. მან გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც გაიბრწყინა”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings