Crystalbet ეროვნული ლიგის მე-6 ტური ბოლნისის სტადიონზე გამართული შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ბოლნისის “სიონმა” “გაგრა” 2:1 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
“სიონში” მწვრთნელი ჩემპიონატის დაწყების შემდეგ შეიცვალა. გიორგი დარასელია უჩა სოსიაშვილმა ჩაანაცვლა, რომლის შემდეგაც ბოლნისელები უფრო ათამაშდნენ. “სიონმა” ჯერ “სამგურალთან” ითამაშა ფრე, ახლა კი “გაგრას” დამარცხება მოახერხა.
sport4me.ge ბოლნისის “სიონის” მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას. როგორ შეაფასებდით “გაგრასთან” შეხვედრას?
დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენი ფეხბურთელებისთვის ეს მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ეს ბიჭებს მეტ თავდაჯერებულობას შესძენს, რაც სამომავლო გამარჯვებების საწინდარი იქნება.
“გაგრასთან” მატჩი საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. ამ მატჩში გულშემატკივარმა ყველაფერი ხილა, რაც ფეხბურთს ალამაზებს. გოლები, საგოლე მომენტები. გაფუჭებული პენალტიც, დაძაბულობაც.
ახსენეთ, რომ “სიონი” საკმაოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. რა იქნება ამ გუნდის მიზანი ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში?
კი, ჩვენს გუნდში ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ხელმძღვანელობის ეს საკადრო პოლიტიკა ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებს მეტად აძლევენ თავის გამოჩენის საშუალებას. ამ სეზონში მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, სამომავლოდ კი, გვინდა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და “სიონი” ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.”სიონს” თავისი სტილი და იდენტობა უნდა ჰქონდეს.
თქვენი აზრით, რომელ სათამაშო რგოლში ჭირდება “სიონს” გაძლიერება?
ერთ პოზიციაზე რაც უფრო დიდი არჩევანია გუნდში და რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უკეთესია. საფეხბურთო გუნდი ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება განვითარება. რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
ეროვნული ლიგის დონეზე რას იტყვით?
ეროვნული ლიგა ამ ეტაპზე არაა იმ დონეზე, რომელიც გვსურს და რომელსაც იმსახურებს ქართული ფეხბურთი. პრობლემები ძალიან ბევრი და კომპლექსურია. ბავშვთა ფეხბურთი, ესაა ის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ფეხბურთის და ჩემპიონატის განვითარება ძალიან რთულია. ვისურვებდი, რომ ყველა საფეხბურთო კლუბს ჰქონდეს აკადემია და აქცენტი გააკეთონ კლუბებში თავიანთ აღზრდილ ფეხბურთელებზე. ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშის და გუნდებში დაწინაურების არ უნდა შეგვეშინდეს. თავიდან, შესაძლოა მან შეცდომა დაუშვას, მაგრამ მისი განვითარებისთვის ესეც აუცილებელია, რადგან ყველა შეცდომაზე სწავლობს. ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. მწვრთნელთა მხრივ, ფედერაცია მწვრთნელთა გადამზადების მხრივ, ყველაფერს აკეთებს და კარგია, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ბევრი მაღალკვალიფიციური, განსხვავებული ხედვის მწვრთნელი გამოჩნდა.
“რუსთავში” თქვენც მოგიწიათ ქართული ფეხბურთის გამორჩეულ ტალანტთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან მუშაობა. ხვიჩას შესახებ რას იტყვით?
“რუსთავში”, როდესაც ხვიჩასთან მუშაობა მომიწია, მაშინ ძალიან პატარა იყო. იმის შემდეგ ძალიან გაიზარდა და უკვე ჩამოყალიებულად, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ასეთი ფეხბურთელი ჩემპიონატს მეტ ინტერესს და ხიბლს შესძენს, მაგრამ ვისურვებდი და იმედი მაქვს ხვიჩა მალე გაცილებით მაღალი დონის ცემპიონატში ითამაშებს, ვიდრე ეროვნული ლიგაა. მას ამის ყველანაირი მონაცემი აქვს.
ბოლოს, რას ეტყოდით ბოლნისელ გულშემატკივრებს?
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის. გუშინდელ მატჩი მოპოვებული გამარჯვება დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა. ვეტყოდი, რომ მთავარია მოთმინება. გუნდები მალე არ სენდება და ამას დრო უნდა, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით მჯერა ჩვენ შევძლებთ “სიონმა” გაამართლოს თავისი სახელი და ის ტრადიციები, რაც ამ გუნდს აქვს.
ფოტოებიი აღებულია ბოლნისის “სიონის” facebook გვერდიდან
GIPHY App Key not set. Please check settings