in

უოტფორდში ბედნიერი ვარ: ჩაკვეტაძე რჩება

ინგლისის ჩემპიონშიპის ახალი სეზონის დაწყებამდე „უოტფორდმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ლეიტონთან“ გამართა და 1:1 დაასრულა – გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამზადებელ ეტაპზე სამივე ტესტმატჩი გამოტოვა. მიზეზი – სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმაა, რომელსაც დღემდე მკურნალობს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, საგანგაშო არაფერია და 25 წლის ქართველი მოედანს მალე დაუბრუნდება.

„გიორგი ჩაკვეტაძემ „ბრისბენ როუდზე“ გამართული შეხვედრა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველი ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს ასრულებს და მოედანს მალე დაუბრუნდება“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უოტფორდი“ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლისს „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ გამართავს, სეზონს კი 9 აგვისტოს „ჩარლტონთან“ მატჩით გახსნის.

გამოცემა „უოტფორდ ობსერვერის“ რეპორტიორმა, ადამ დრურიმ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ჩაკვეტაძესთან, რომელიც ამბობს, რომ კლუბში ძალიან ბედნიერია. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე „უოტფორდმა“ მსურველებს უარი უთხრა.

„ჩაკვეტაძე გასულ სეზონში ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, მისი დრიბლინგები „უოტფორდის“ გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ კლუბმა ისინი უარით გაისტუმრა. გუნდის იტალიელი მფლობელი ჯინო პოცო საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებას ცდილობს, რადგან ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა სურს. ეს ხელს აძლევს ჩაკვეტაძეს, რომელმაც „უოტფორდ ობსერვერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბში რჩება“, – აღნიშნულია ინტერვიუს შესავალში.

გიორგი ჩაკვეტაძე – „უოტფორდში“ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან და ომახიანად გვიჭერენ მხარს. მათ წინაშე გამოსვლა მსიამოვნებს და ძალიან მიხარია, რომ თამაშს აქ გავაგრძელებ. მიზანს უნდა მივაღწიოთ და პრემიერლიგაში გადავიდეთ. ვფიქრობ, „უოტფორდს“ ეს შეუძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით ვარჯიშს დავიწყებ. ტერფის გარე ნაწილი ძალიან მტკიოდა. თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ვფიქრობ, ახალი სეზონისთვის მზად ვიქნები“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოთი ბოლონია დაინტერესდა

გოგლიჩიძეს უკვე არაიტალიური გუნდიც დაუკავშირეს