იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტური დღეს იხსნება და რა მატჩით: ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა ჩვენი დროით 23:45 საათზეა.
„იუვეს“ 33 ქულა აქვს, ორით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“ და სკუდეტოსთვის იბრძვის. საინტერესოა, რომ „იუვემ“ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით. ბოლო 9 შეხვედრაა არ წაუგია.
ბოლო დროს ურთიერთშეხვედრებში „ნაპოლი“ კი ჯობნის მეტოქეს, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. გასულ სეზონში ნეაპოლელებმა ორივე თამაში მოიგეს, „სტადიო მარადონაზე“ საერთოდ 5:1 გაანადგურეს.
ახლა „ნაპოლი“ არ არის ხასიათზე. ბოლოს „ინტერთან“ შინ 0:3 წააგო და ოთხეულს მიღმაა (24 ქულა). გუნდმა ბოლო ორ მატჩში 7 გოლი გაუშვა. ისიც სათქმელია, რომ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი უკეთ გამოიყურება და იშვიათად აგებს. სერია ა-ს ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 10-ში არ წაუგია.
„ნაპოლი“ ალბათ 3 მცველით ითამაშებს. მთელი მარცხენა ფლანგი შესაძლოა ალესანდრო ძანოლის ჩააბარონ, რომელიც ახლახან მომჯობინდა. ასევე მომჯობინდა კაპიტანი დი ლორენცო.
წერენ, რომ ვალტერ მაძარი „ინტერთან“ წაგებული მატჩისგან განსხვავებით, ორ ცვლილებას განახორციელებს და დაცვითი ტაქტიკით ითამაშებს.
ძირითადში ესტეგორისა და ელმასის ნაცვლად ჟუან ჟეზუსი და ზელინსკი იქნებიან.
„ნაპოლის“ სავარაუდო ძირითად იშემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ:
„დაშვებული შეცდომების გამო მალევე ვისჯებით და გოლს ვუშვებთ. კონტრშეტევებიდან გოლების გაშვება უნდა შევწყვიტოდ. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვხვდებით, ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც კარგი ტესტი იქნება თუ სად ვართ და კიდევ რის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბიჭებთან მჭიდრო კავშირი მაქვს, დავალებებს ბოლომდე ასრულებენ და ასი პროცენტით იხარჯებიან. ზოგ შემთხვევაში იღბალი გვაკლდება.
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მოედნის ცენტრში? კარგი კითხვაა. როდესაც ფეხბურთელები თავს კარგი თამაშით გვამახსოვრებენ, შემდეგ პროგნოზირებადები ხდებიან, ამის გამო კი ხშირად მოედანზე ორმაგი და სამმაგი მეურვეობის ქვეშ ექცევიან. ხვიჩაც ასეთი ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება. უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ის მცველებისგან გავათავისუფლოთ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მის ირგვლივ სამი მცველი მოქმედებს, სივრცეები თავისუფალი რჩება, ამის გამოყენებას უნდა ვეცადოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings