ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პოდგორიცაში ჩავიდა. შეკრების, მომდევნო თამაშისა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევრმცველმა ოთარ კიტეიშვილმა:
“ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს.
ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის.
კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით”.
მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings