ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
განწყობისთვის გვჭირდება: საქართველომ შეკრება დაიწყო
ვილი სანიოლი:
“ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რადგან ეს ბოლო შეხვედრებია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფამდე. ფეხბურთელებმა უნდა დამანახონ, რომ იმსახურებენ ნაკრებში თამაშს, აქვთ შესაბამისი ხარისხი და შეუძლიათ გუნდისთვის სარგებლის მოტანა. ვიცით, რომ მარტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთელი ქვეყნისთვის.
მარტისგან განსხვავებული თამაშები გველის, თუმცა პლეი-ოფისთვის დიდ ტაქტიკური ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. უბრალოდ უნდა გავაუმჯობესოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. სწორედ ამისთვის გვჭირდება მოახლოებული ორი მატჩი. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა. შედეგი ერთია, თუმცა მნიშვნელოვანია თავდაჯერება, გუნდის ხასიათი. ამიტომ, ამ სანაკრებო მატჩებში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ.
ოთარ კიტეიშვილს აქილევსის მყესის დაზიანება აქვს. ამ დროისთვის, ზუსტად არავინ იცის, რამდენი დრო დასჭირდება მოედანზე დასაბრუნებლად. ასეთი ტრავმის დროს, სჯობს მოვლენები არ დააჩქარო და რეაბილიტაციის კარგი კურსი გაიარო. იმედი მაქვს, 2-3 კვირაში კიტეიშვილი ვარჯიშის განახლებას შეძლებს. ვიცი, რომ შტურმში კვალიფიციური სამედიცინო სტაფის მეთვალყურეობის ქვეშაა და ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა.
საბა ლობჟანიძის არყოფნის ერთადერთი მიზეზი საკლუბო მატჩებია. გუშინ ითამაშა პლეი-ოფის შეხვედრა და ჩამოსვლას მხოლოდ შოტლანდიასთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე შეძლებდა. შესაბამისად, საუკეთესო კონდიციებში არ იქნებოდა. დავით ხოჭოლავა ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ დასჭირდა მცირე ოპერაციის გაკეთება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვიძახეთ ნაკრებში. ვფიქრობ, მათ დაიმსახურეს გუნდში ყოფნა. გაგნიძის და საზონოვის მდგომარეობა ფაქტობრივად ერთნაირია. მათ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, რაც პრობლემაა. ახლა ისინი ახალგაზრდულ ნაკრებთან არიან, სადაც გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან და სათამაშო დროს მიიღებენ. თუმცა, კლუბში მეტი უნდა ითამაშონ, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. ვიმედოვნებ, ყოველდღიურად ბევრს იშრომებენ და სათამაშო დროს მიიღებენ. რთულ სიტუაციაში არიან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელებს გააძლიერებს და დაეხმარება უკეთეს მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში.
გიორგი წიტაიშვილის პოზიციაზე კონკურენცია დიდია. აზაროვთან ერთად, ბოლო პერიოდში ლევან შენგელია შემოგვიერთდა, რომელიც ბევრს შრომობს და პროგრესირებს. ეს გამოჩნდა გასული თვის მატჩებშიც. წიტაიშვილი ხშირად ხვდებოდა სანაკრებო სიაში. შესაძლოა, ბოლო პერიოდში აღარ არის ჩვენთან ერთად, თუმცა იცის, რა უნდა გამოასწოროს. უკრაინაში გატარებული პერიოდიდან გამომდინარე, მის მიმართ მაღალი მოლოდინები გვაქვს. ყოველთვის ვადევნებთ წიტაიშვილის თამაშს თვალს და იმედი მაქვს, სწორ გზას დაბრუნებას.
კვიპროსთან მატჩში ნახევარდაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, კარგად აბალანსებდნენ ერთმანეთს. სანდრო ალთუნაშვილი ჩვენთან ერთად იყო, ითამაშა ტაილანდთან. ახლაც გამოვიძახე და ეს ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვარ მისი ასპარეზობით. სანაკრებო სიაშია, შესაბამისად, თამაშის შანსი აქვს, ისვე როგორც ნებისმიერ სხვა მოთამაშეს, რომელიც გამოძახებულია.
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვის საკვანძო მოთამაშეა, რომელსაც მეტოქის კართან ხიფათის შექმნა შეუძლია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ცენტრში უფრო სასარგებლოა. მან ბევრი გოლი გაიტანა ამ პოზიციაზე თამაშისას. ამის შესახებ ვესაუბრე და იცის, რომ ჩვენთან უფრო ცენტრში შეწეულმა უნდა ითამაშოს. ამ პოზიციაზე თამაშისას მოედნის უფრო მოკლე მონაკვეთზე უწევს დაცვითი ფუნქციების შესრულება, რაც საშუალებას გვაძლევს, მისი პოტენციალი უფრო მეტად გამოვიყენოთ შეტევაში. ყველა მსოფლიო დონის მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში და ხვიჩა ერთ-ერთი მათგანია”.
GIPHY App Key not set. Please check settings