საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ბოლო ორი გადამწყვეტი მატჩი აქვს. ორივე რთული. ჯერ ჩვენთვის მოუხერხებელ უკრაინასთან, მერე კი ჯგუფის ამ ეტაპზე ლიდერს და რევანშის წყურვილის მქონე ჩეხეთთან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთელმა შემადგენლობა გუშინ დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.
არის შემადგენლობა: 23 კაცით, დაბრუნებული ლობჟანიძით, გოგლიჩიძე ეროვნულშია – მზადება 11-დან
ვილი სანიოლი:
„2-3 წელიწადია მსგავსი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან შეცვლა ვითარებამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არ ვარ. როდესაც ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა იცოდნენ როგორ ვითამაშებთ.
ალბანეთთან შეხვედრაში თადარიგში შემტევების ნაკლებობა იყო. ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა, მაგრამ რამდენჯერმე ვნახე და ქულას ვიმსახურებდით. ბოლო წელიწადში ნაკრებმა განვითარებას მიაღწია, ამის შენარჩუნება კი რთულია. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა. მომდევნო ორი მატჩი სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს. ნოემბერში მეტი კონცენტრაცია, გუნდურობა და უკეთესი მენტალილეტი გვმართებს.
რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი მცველები გვყავს. არაერთი უკანახაზელი გამოვცადეთ. შესაძლოა, ვინმე კიდევ გამოჩნდეს. მაგალითად, ასეთი გოგლიჩიძეა. მინიმუმ ერთ მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.
დავითაშვილმა ბოლო პერიოდში სერიოზულად მოუმატა. თავდაჯერება მოემატა მიქაუტაძეს და ასეთი გიორგი ძალიან გვჭირდება.
მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილი იყვნენ. ერთს ტრავმა ჰქონდა, მეორეს პრაქტიკა აკლდა, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და ისინი აქ არიან. კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია. ახლა ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი არ არიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნაკრებში დიდი კონკურენციაა.
გულიაშვილის ნახვა მსურდა. ბოსნიის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, მაგრამ ძალიან მონდომებულია და მას შანსი მიეცემა.
გუნდში მშვენიერი განწყობაა. სულ იმის ახსნა მიწევს, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება არ არსებობს. ხვიჩა კარგი მაგალითია. მას პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ძველებურად უნდა ემუშავა.
ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ, წამყვან კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ სხვა ვითარებაა. მათ ვურჩევ შრომა განაგრძონ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 19-ში ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings