საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ის ჯგუფის მეორე მატჩში ქულა მოიპოვა ბელგიასთან და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძე.
„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში, ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობასა და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ.
უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება. ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ.
ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს“, – წერს შოთა არველაძე.
GIPHY App Key not set. Please check settings