თბილისის „იბერიამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ძლიერ თურქულ „ბაშაქშეჰირთან“ თბილისში 0:1 დასანანად ბოლო წუთებზე წააგო.
მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მოვიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
ნიკა გუშარაშვილი:
„ძლიერ მეტოქე გვყავდა. თამაშამდე რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ, მაგრამ ბოლოს ყურადღება მოვადუნეთ, ძალიან დასანანი გოლი გავუშვით. იმედია განმეორებით მატჩს უკეთ ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთიდან გამარჯვებული დავბრუნდეთ“.
თამაში შეაფასა „იბერიის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ:
„დაძაბული თამაში იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ უკეთ თამაში შეიძლებოდა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო აქტიურები ვიყავით.
ვეცდებით შეცდომები მეორე თამაშში გამოვასწოროთ“.
„ბაშაქშეჰირის“ მთავარი მწვრთნელი ჩაგდაშ ათანი:
„ძალიან კარგი თამაში იყო. „იბერია“ ჩვენზე უკეთეს ფორმაშია. კარგი მომენტებიც შექმნეს. მთლიანობაში, ალბათ ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ „იბერია“ მარტივად მოსაგები არ არის და მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატო, მათგან ასეთ თამაშს არ ველოდი. რთული თამაში იყო და ამას არ ველოდით. მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და შეტევაში თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მოგვცა. მოკლედ, ერთ კვირაში რთული თამაში გველოდება“.
ამ გუნდებს შორის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings