ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2025/2026 წლების სეზონის ევროთასების ფორმატში ცვლილებების შეტანას განიხილავს. თუმცა, იმის გამო, რომ რეგლამენტი უკვე ოფიციალურად დამტკიცებულია (26 თებერვალს), გამორიცხული არაა, რომ ახალი წესები მხოლოდ მომდევნო წლების ტურნირებში ამოქმედდეს.
სამი განსახილველი ინიციატივიდან ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია დამატებითი დროის შესაძლო გაუქმება პლეი ოფის ეტაპზე. ფიქრობენ, რომ თუ მატჩი ძირითად დროში ფრედ დასრულდა, გუნდებმა, დამატებითი 15-წუთიანი ორი ტაიმის ნაცვლად, პირდაპირ პენალტები დაარტყან. ამ ინიციატივის მიზანი ფეხბურთელთა ფიზიკური გადატვირთვის შემცირებაა.
ამ ეტაპზე ძალაში რჩება ძველი წესი – ფრედ დასრულებული შეხვედრის შემთხვევაში კვლავ დაინიშნება დამატებითი დრო. შესაბამისად, რეგლამენტში ამ ცვლილების განხორციელება 2025/2026 წლების სეზონში არ იგეგმება;
მეორე საკითხი შეეხება იმ გუნდებს, რომლებიც საერთო ეტაპის პირველ რვა ადგილზე გავლენ. უეფა-ში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ასეთ გუნდებს მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საპასუხო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლება მიეცეთ. ამჟამად ასეთი უპირატესობა მხოლოდ მერვედფინალის სტადიაზე მოქმედებს.
სწორედ არსებული წესის გამო, მიმდინარე სეზონში ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც საერთო ეტაპი მესამე პოზიციაზე დაასრულა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „რეალთან“ მადრიდში გამართა, ხოლო ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას პარიზში ითამაშებს. მადრიდის „რეალი“ და პსჟ ძირითად ეტაპზე რვა საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ, ხოლო ლონდონურმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა;
მესამე საკითხი ძველი წესის დაბრუნებას ეხება, რომლის მიხედვითაც, ერთი ქვეყნის გუნდებს მეოთხედფინალამდე ერთმანეთთან შეხვედრა ეზღუდებოდათ. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ადრეულ ეტაპზე რამდენიმე ასეთი დაპირისპირება ვიხილეთ – მათ შორის პსჟ – „ბრესტი“, „ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ და „რეალი“ – „ატლეტიკო“. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში თვლიან, რომ ასე მედიისა და მაყურებლების მხრიდან მატჩების მიმართ ყურადღება უფრო გაიზრდება.
სამივე საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 30 მაისს მიუნხენში მიიღებენ, იქვე გაიმართება უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფინალი 31 მაისს მიუნხენის სტადიონზე, „ალიანს არენაზე“ გაიმართება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings