ახალგაზრდული ევრო 2023-ის შემდეგ საბა საზონოვის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, მსურველთა შორის „უდინეზეც“ იყო, რომელიც ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა – ინფორმაციას Mondo Udinese ავრცელებს.
„სეზონის დაწყებამდე „უდინეზე“ შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს და კიდევ ერთი მცველის შეძენას აპირებს. ამ დროისთვის გუნდი ორი მოთამაშითაა დაინტერესებული – პირველი საბა საზონოვია, მეორე კი „მონაკოს“ მცველი კრისლენ მაციმა.
საუბარია მაღალი დონის ფეხბურთელებზე, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ „უდინეზეს“ მოთხოვნებს. ორივე ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა. ვნახოთ, უახლოეს კვირაში რომელიმეს დამატება თუ მოხერხდება.
საბა საზონოვი, საქართველოსთან ერთად, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე იყო. ბევრმა სპეციალისტმა ის ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი თამაში ჩაატარა“, – წერს Mondo Udinese.
„უდინეზე“ არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც საქართველოს ნაკრების მცველით დაინტერესდა – მანამდე დასახელდნენ „სასუოლო“, „ფროსინონე“, ასევე „ჰამბურგი“ და „ესპანიოლი“. თუმცა, ფეხბურთელის კლუბში, მოსკოვის „დინამოში“ ოფიციალურად ჯერ მხოლოდ „ლიონის“ ინტერესი დაადასტურეს.
საქართველოსა და რუმინეთში გამართული ახალგაზრდული ევრო 2023-ის შემდეგ საბა საზონოვი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings