სამწუხარო ამბავია არგენტინიდან: 83 წლის ასაკში გარდაიცვალა კარლოს პასკუალი, სახელგანთქმული გულშემატკივარი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ცნობდნენ.
ის ცნობილი იყო როგორც კარლოს ტულა. ერთი წლის წინ ფიფამ დააჯილდოვა როგორც საუკეთესო ფანების სახე The Best-ის ცერემონიაზე.
კატარის მუნდიალის ფინალის შემდეგ ტულას დოლს აგუერო უბრახუნებდა. ის ირწუნება, რომ ტრიბუნებზე ეს ინსტრუმენტი პირველმა მან შეიტანა.
კარლოს ტულას დოლს დიდი ისტორია აქვს. 2022 წლის მსოფლიო პირველობა ტულასთვის მე-13 იყო. მას 1974 წლის შემდეგ არცერთი მუნდიალი არ გამოუტოვებია.
დოლი ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, 1971 წელს კი მას ახალი აჩუქა თვით ხუან დომინგო პერონმა, რომელიც ჯამში არგენტინის პრეზიდენტი 10 წელიწადი იყო. პერონთან შეხვედრას გულშემატკივარი ცხოვრების უდიადეს მოვლენას უწოდებდა.
ტულა ამტკიცებდა, რომ დოლები მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე არ ყოფილა. „4 წლის შემდეგ, 1978 წელს, ყველამ გადაიღო დოლი, ყველა უკრავდა. მეორე იყო მანოლო, ისიც ცნობილია“, – ჰყვებოდა პასკუალი. ის ვალენსიელ მანოლოს გულისხმობდა, ესპანეთის ნაკრების ფანს.
მედიამ კარლოს ყურადღება ჯერ კიდევ, 70-იანი წლების დასაწყისში მიაქცია.
ჟურნალმა El Gráfico-მა 27 წლის დოლიანი ბიჭის ფოტო დაბეჭდა და დაწერა „როსარიო სენტრალის“ გულშემატკივარი სტადიონზე უკვე 20 წელიწადია დადისო.
ტულასთვის ფეხბურთი ერთადერთი ადგილი იყო არგენტინაში, სადაც ღალატი შეუძლებელია.
„ბოკას“ გულშემატკივარი არაფრის დიდებით არ გადავა „რივერთან“, ხოლო „სენტრალის“ ფანი „ნიუელს ოლდ ბოიზთან“, – ამბობდა კარლოსი.
მან საკუთარი თვალით ნახა დიეგო მარადონას ოქრო და ლეო მესის გამარჯვება.
კარლოსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. მას ფილტვების სიმსივნე აწუხებდა.
ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა, ხოლო როდესაც წამოდგებოდა, ხელჯოხი სჭირდებოდა. პარიზში, სცენაზე ასვლაში დაეხმარნენ. მაგრამ როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მხნედ იყო.
არგენტინას მისი ენერგია ნამდვილად დააკლდება.
GIPHY App Key not set. Please check settings