in

ტრადიცია გრძელდება: რუსებს ისევ მოვუგეთ, თასიც ჩვენია, მაგრამ…

ტრადიცია გავაგრძელეთ და რუსებს ისევ მოვუგეთ.

2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და არცთუ სანახაობრივ, ტაქტიკურად გაუმართავ თამაშში 16:7 დაამარცხა.

ამ მატჩში დაფიქსერებული შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ტურნირის გამარჯვებულის ტიტული გარანტირებული ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა. დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო 15-ეულში პირველად მოხვდა 19 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ცენტრში ერთმანეთს მერაბ შარიქაძე და თამაზ მჭედლიძე შეუწყვილდნენ. მეორე ხაზში გიორგი ჯავახიას და ლაშა ჯაიანის დუეტი ვიხილეთ. შერკინებაში კი, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებში დაბრუნებული ზურაბ ჟვანია გამოჩნდა.

შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო. გუნდი არეულად გამოიყურებოდა და მთელი ტაიმი ვერ მოახერხა თავისი თამაშის მოძებნა. საქართველოს ნაკრებს პირველ ნახევარში გააზრებული, მრავალფაზიანი შეტევა არ ჰქონია, რადგან ორი-სამი ძალისმიერი დარტყმის შემდეგ, ან კონტაქტისას ბურთი წინ გვივარდებოდა, ან რაქში მიყოლას ვაგვიანებდით. საბოლოოდ, მატჩის უსახური პირველი ნახევარი უქულო 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარიც არ იყო დიდად სანახავი, მაგრამ ლელოები მაინც ვიხილეთ. დერეფანში ზუსტად მოგებული ბურთის შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ ე.წ. „ნულოვან ზონაში“ თავადვე შეუტია, რუსებმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს და პირველი ლელოც გავიდა. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც კიდევ სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმა მიაყოლა. რუსებმა კი, ერთი ლელოს და ერთი გარდასაახვის გატანა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ რუსებს მატჩის მოგებაც შეეძლო, მაგრამ რამილ გაისინმა სამიდან ვერცერთი ჯარიმა ვერ გაიტანა.

საბოლოოდ, 16:7 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სასარგებლოდ და „ბორჯღალოსნებმა“ რუს „დათვებს“ 24-ე შეხვედრიდან 22-ე მოუგეს და 1993 წლიდან მოყოლებული ტრადიცია გააგრძელეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ნაკრების თამაში არ იყო მოსაწონი და ასე შორს „ვერ გავფრინდებით“.

ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპაზე” ხუთიდან ხუთი თამაში მოიგეს და შესაბამისად რაგბი ევროპა 2020-ის გამარჯვებული საქართველო გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უარი ოკუპანტებს! რუსებს ბორჯღალოსნებთან ქართველები არ დაეხმარებიან

300 გოლი 30 წლის შემდეგ: რონალდოს ასაკი ვერაფერს აკლებს