ქუთაისის “ტორპედო” კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიას ესტუმრა და ადგილობრივ “ომონიასთან” 0:1 დამარცხდა.
თავიდანვე უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და რეალური მომენტებიც შექმნეს. უკვე პირველივე წუთზე ვილი სემედუს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთს კარგად ვერ მისწვდა და ქუთაისელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. მალე მატეო მარიჩმა შეუტია, მე-16 წუთზე კი იმავე სემედუს მორიგი გასროლის შემდეგ “ტორპედო” ოთო გოშაძემ გადაარჩინა.
მე-20 წუთზე, „ომონიამ“ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და გოლი იმ სტევან იოვეტიჩმა გაიტანა, რომელსაც ერთ დროს თვით „სიტისა“ და „ინტერში“ უთამაშია.
მან ყველაფერი სწრაფად და იდეალურად შეასრულა, ისე დაარტყა დაბალ კუთხეში, არც გაუხედავს.

„ტორპედოს“ თავისი შანსი მალევე მიეცა, 26-ე წუთზე კუთხურის შემდეგ საჯარიმოს სიახლოვიდან ლადო მამუჩაშვილმა ძლიერად დაარტყა და „ომონია“ მეკარემ გადაარჩინა.
41-ე წუთზე კი უკვე ჩვენმა მეკარემ გადაარჩინა „ტორპედო“ გოლს. ლოიზუმ ძლიერად დაარტყა, მაგრამ გოშაძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.
შესვენების შემდეგ უპირატესობას კვლავ „ომონია“ ფლობდა და ანგარიშის გაზრდას ცდილობდა, მაგრამ ქუთაისელების მეკარე ოთო გოშაძე საიმედოდ თამაშობდა.
57-ე წუთზე ქუთაისელებმაც სწრაფი განახორციელეს კონტრშეტევა, საჯარიმოს ხაზიდან ირაკლი ბიძინაშვილმა დაარტყა და მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
64-ე წუთზე ბიძინაშვილმა ძლიერად დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კარისკენ წავიდა, მაგრამ სანტიმეტრებში გაცდა.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ომონია (ნიქოზია) – ტორპედო (ქუთაისი) 1:0
გოლი: 1:0 იოვეტიჩი (20. მასურასის პასით)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, მანე, შიმიჩი, ნადარაია (72. ჟორჟინიო), ითრაქი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (90+3. კოხრეიძე), ფელიპე პირესი, ღუდუშაური (72. ბასილაძე), იონსენი (87. ანდრიჩი)
გაფრთხილება: სემედუ (49), ბიძინაშვილი (89), ანდრიჩი (90+1)
განმეორებითი მატჩი 31 ივლისს გაიმართება.

GIPHY App Key not set. Please check settings