ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ ფინალის წინ პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ უეფას საიტთან ისაუბრა:
„იმ ათი წლიდან, რაც პროფესიულ ფეხბურთში ვთამაშობ, ჩემპიონთა ლიგაზე ცხრაჯერ ვიასპარეზე და ეს საკმაოდ გამორჩეული შედეგია. იმედია, ეს ჩემი კარიერის ბოლომდე გაგრძელდება. ვინაიდან ეს ყველაზე დიდი ტურნირია, ყოველთვის გინდა მასში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოგებული არ გაქვს.
მახსოვს ჩემი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი „დორტმუნდის“ შემადგენლობაში „ლეგიასთან“. წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. შემდეგ ტურნირზე „ბარსელონაში“ ვითამაშე. პსჟ-ს რიგებში ორჯერ გავედი ნახევარფინალში, ახლა კი ფინალი გველის.
ლუის ენრიკე თავისი იდეებით მოვიდა, ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფეხბურთელთა საქმისადმი დამოკიდებულება. ყოველთვის ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ამბიცია გვაქვს.
მე ძალიან შევიცვალე, განსაკუთრებით მოედანზე ჩემი პოზიციის და თამაშის სტილის მხრივ. ის ბევრ რჩევას მაძლევს და ჩემს თამაშში ბევრი რამ შევცვალე, თუმცა თანდაყოლილ უნარებს ისევ ვიყენებ, რამაც შედეგები გამოიღო. მწვრთნელი მოედნის მთელ პერიმეტრზე გადაადგილების უფლებას მაძლევს. შეტევის წინა ხაზზე „ცხრიანის“ პოზიციაზე არ უნდა დავრჩე. უბრალოდ ცენტრში სივრცის და ცოტა ქაოსის შექმნას ვცდილობ.
კვარაცხელიამ და დუემ სწრაფად მოახერხეს გუნდის თამაშთან და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაცია. ერთად თამაში, შეტევა და თავდაცვა ძალიან მოგვწონს. ტიტულები გვწყურია. მართლაც გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. გუნდში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯონ.
ფინალის წინ გვირაბში ბევრი კონცენტრირებული სახე იქნება, ღიმილიც, რადგან ბავშვობიდან სწორედ ასეთ მატჩებზე ოცნებობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღება შესანიშნავია, სრული მობილიზაცია და სიამაყეა. იმედია, გავიმარჯვებთ.
დიახ, ამის იმედი მაქვს, მაგრამ ამჟამინდელ „ინტერთან“ შეხვედრა ადვილი არაა. ამ გუნდს მთელი სეზონი ვაკვირდებოდი. იქ ჩემი კეთილი მეგობარი ტიურამი თამაშობს. ეს ძალიან რთული გუნდია, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სასტარტო სასტვენის შემდეგ დავრჩებით თუ არა მე და ტიურამი მეგობრებად? მოედანზე – არა“.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings