ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი 2022 წლის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირდა და თუკი არაფერი შეიცვალა, მას ნოემბრის ბოლოს გორში ვიხილავთ.
პრესტიჟულ ტურნირს 26 ნოემბერს სწორედ საქართველოს ქალაქი უმასპინძლებს და ეს, პირველი ამგვარი შემთხვევაა. გორის სპორტის სასახლეში დაგეგმილი შეჯიბრი შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნება და კაცთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები 12-12 ათას ევროს მიიღებენ.
ფრანგებმა შემადგენლობა უკვე დაასახელეს და უდავოა, რომ მათი მთავარი ვარსკვლავი 33 წლის ტედი რინერი იქნება, ოლიმპიადის 3-გზის, მსოფლიოს ჩემპიონატის 10-გზის, ევროპის ჩემპიონატის 5-გზისა და მასტერსის 4-გზის ჩემპიონი. მოკლედ, რინერს ყველაფერი მოგებული აქვს და ცხადია, არც ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალზე იტყვის უარს.
წინასწარი ინფორმაციით, ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგენა გოლდენ გორიც, რომელმაც შარშანდელ ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (კიდევ ერთ ქართულ კლუბ მებრძოლს მოუგო). ასევე ცხადია, რომ გორში ვერ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ იავარა-ნევას, რადგანაც რუსი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო შეჯიბრს ჩამოშორებულები არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings