in

სხვა წონით კატეგორიაში: საქართველოს ნაკრები ინტერთან დამარცხდა – ბათუმმა ლეგენდები ნახა

„ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ, საყვარელი ქართველი მოთამაშეები ეხილათ. „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ კი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თამაშობდნენ.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა „ინტერმა“ ტაიმის მსვლელობისას ტემპს მოუმატა. სტუმრებმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლის გატანა ლუიშ ფიგუმ მოახერხა და მეტოქემ ტაიმი 1:0 მოიგო.

შეხვედრა გადაუღებელი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეტევების გამწვავება უჭირდა. მეორე ტაიმის მიწურულს მოედანზე ლუიშ ფიგუ დაბრუნდა, საქართველოს ნაკრებს მეორე გოლიც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო – ინტერი 0:2
გოლები: ფიგუ (2)

საქართველოს ნაკრები (ძირითადი შემადგენლობა): რევიშვილი, ცხადაძე, კალაძე, ნავალოვსკი, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, კობახიძე, შ. არველაძე, იაშვილი.
ლომაია, ანანიძე, ამისულაშვილი, მჭედლიძე, ნემსაძე, ასათიანი, ჯამარაული, დ. კვირველია, სირაძე, ღუდუშაური, შეყილაძე, მარცვალაძე, დემეტრაძე, ა. არველაძე.

„ინტერი“ (ძირითადი შემადგენლობა): ჟულიო სეზარი, ძანეტი, მატერაცი, ლუსიო, კორდობა, კამბიასო, მაიკონი, კარაგუნისი, მილიტო, ფიგუ, სნეიდერი.
შეცვლაზე შევიდნენ: ფრეი, პალასიო, ბორხა ვალერო, ხარჯა, პანდევი, სუასო, კოლონეზე, გალანტე.

ალექსანდრე იაშვილი:
„ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, თუმცა ფეხბურთს იმიტომ თამაშობ, რომ მოიგო და, სამწუხაროდ, წავაგეთ. მომენტები ჩვენც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. ვინ იყო მოედანზე საუკეთესო? მოწინააღმდეგე გუნდიდან ორი გოლი ფიგუმ გაიტანა და საუკეთესო ის იყო“.

თემურ ქეცბაია:
„სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თამაშმა ისე კარგად ჩაიარა. ჩანს, რომ ამ პროექტს მომავალი აქვს და იმედია, მომდევნო თამაშისთვის უკეთ ვიქნებით მომზადებულები. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, სტადიონიც სავსე იყო. ხალხსაც მოენატრა კარგი ფეხბურთი, ის მოთამაშეები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში გამოდიოდნენ.
ჩვენც გაგვიხარდა, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და ვითამაშეთ. კი, პირველ ტაიმში დავარტყი და მოედნიდან გავედი, ფეხი მტკივა. ახალგაზრდები არ ვართ. 15-20 წუთია საკმარისი, რომ გუნდს რაღაც შევმატოთ. საუკეთესო? რა თქმა უნდა, ფიგუ, რადგან ორივე გოლი მან გაიტანა“.

მარკო მატერაცი:
„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვეტერანი ფეხბურთელების მატჩებზე ამდენი მაყურებელი არ დადის. კარიერის დასრულების შემდეგ არაერთხელ მითამაშია მსგავს შეხვედრაში და სავსე სტადიონი პირველად ვნახე.
ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და ის გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა მოედანზე საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლუიშ ფიგუ იყო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია 15 ქულით დაბრუნდა, ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდა

ხვიჩამ ისევ მაგრად ითამაშა, ისევ გაიტანა, მაგრამ ნაპოლიმ ვერ მოიგო – კვარას 3600-ე გოლი