6 და 7 აპრილს Crystalbet ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურში საკმაოდ საინტერესო, დაძაბული, უხვგოლიანი და სკანდალური მატჩები ვიხილეთ.
VII ტური
სამტრედია – ტორპედო 0:0
ლოკომოტივი – სამგურალი 2:3
შუქურა – დინამო თბილისი 0:2
დილა – საბურთალო 1:2
ტური სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. იმერულ დერბიში “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო” უგოლო ფრეს დასჯერდნენ. ძალიან ბევრი საუბარი მოყვა 69-ე წუთზე მომხდარ ფაქტს, როდესაც სამტრედიელებმა გატანაც მოახერხეს, მაგრამ მსაჯებმა ძალიან საეჭვო თამაშგარე დააფიქსირეს და მასპინძლებს გოლი გაუუქმეს.
ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გაიმართა “დინამო არენაზე”. “ლოკომოტივი” წყალტუბოს “სამგურალთან” 2:3 დამარცხდა. წყალტუბოელებმა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე სერგო კუხიანიძემ გახსნა, რასაც ხუთ წუთში შალვა ბურჯანაძის ზუსტი თავური დარტყმა მოყვა. “ლოკომ” გურამ კაშიას გოლით უპასუხა და თითქოს თამაშში გარდატეხაც შეიტანა, მაგრამ 27-ე წუთზე ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც პაპუნა ფონიავამ ისარგებლა. რკინიგზელებმა ერთი გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანეს, გოლი თორნიკე კირკიტაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებით და ვნებათაღელვით გამოირჩეოდა ზესტაფონში ქობულეთის “შუქურასა” და თბილისის “დინამოს” მატჩიც. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ქობულეთელთა კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად გიორგი გაბედავამ შეასრულა. მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე მოედნიდან გააძევეს. საინტერესოა, რომ მე-7 ტურში ეს ნემსაძის მეორე გაძევებაა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 84-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა დააფიქსირა – 2:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ანდრეი დემჩენკოს გორის “დილამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “საბურთალოსთან” დამარცხდა – 1:2.
ტურის ბოლო შეხვედრას ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბათუმის “დინამო” ხვალ “თელავთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings