“ფეხბურთის სირცხვილი სომხეთში”, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა წერილი გამოცემა News.am-მა სომხეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ…
“ფეხბურთის სირცხვილი სომხეთში – ასე შეიძლება აღწერო ყველაფერი, რაც მოხდა რესპუბლიკურ სტადიონზე და მის მიღმა. სომხეთის საფეხბურთო ნაკრებმა მძიმე მარცხი განიცადა. ეროვნული ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველომ სომხეთი 3:0 დაამარცხა. წაგება სამარცხვინო იყო არა მხოლოდ თამაშის ანგარიში, არამედ, იმ ყველაფრის გამო, რაც სტადიონის ტრიბუნებზე ხდებოდა…
20 მარტს, დილაადრიან, ერევნის ქუჩებში ნამდვილი საფეხბურთო ფესტივალი და ამაღლებული განწყობა იყო. 18:00 საათზე ქართველი გულშემატკივრები სტადიონისკენ გაემართნენ. პარალელურად, ტრადიციისამებრ, სომხეთის ნაკრების გულშემატკივართა ერთიანი მარში გაიმართა. ქართველების თანმხლებმა პოლიციელებმა სტუმრები მაშინვე დაბლოკეს, ეს არასასურველი შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა და მისაღებია.
მაგრამ მიუღებელი იყო სტადიონზე ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ადგილების ნაწილის სტუმრებზე გადაცემა და ჩვენი ნაკრების ქომაგებისთვის “ხმის” წართმევა. ქართველებმა დაიკავეს ადგილები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, რომელიც თითქმის მთლიანად ქართული დროშებით იყო დაფარული…
“ვაზგენ სარგსიანზე” ერთი მარშით მისულ გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონზე შესვლა ვერ შეძლო, მათ შორის იყვნენ სომხეთის ნაკრების მხარდასაჭერად მისული ჩვეულებრივი მოქალაქეებიც.
როგორც მანამდე FAF-მოძრაობის დამფუძნებელმა სერგეი ჯანჯოიანმა იწინასწარმეტყველა, ფედერაციამ ტრიბუნებზე უპრეცედენტოდ ბევრი ადგილი დაუთმო ქართველ ფანებს. შედეგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა შეტევას და გოლს თან ახლდა უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც სომეხი ფეხბურთელების ქომაგთა ხმას ახშობდა.
აშკარა იყო, რომ მინიმალურმა მხარდაჭერამ უარყოფითად იმოქმედა გუნდის და მოთამაშეთა ინდივიდუალური თამაშის ხარისხზე. ამან სიტუაცია დაძაბა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბრიდან გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, არმენ მელისბეკიანის გადადგომას ითხოვენ. ისიც სამარცხვინო იყო, რომ შეხვედრის დაწყებიდან თამაშის დასრულებამდე სტადიონზე ინტერნეტი არ იყო.
ერევანში გამართული თამაში და შთამბეჭდავი გამარჯვება ქართველებს დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან მათ არა მარტო სომხეთის ნაკრები, არამედ სომეხი გულშემატკივარიც დაამარცხეს”, – წერს News.am.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings