3 ივლისს, საქართველო ქუთაისში, „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს ეთამაშება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება ჩვენი გუნდის პირველი თამაში ზაფხულის სერიაში, რასაც 10 ივლისს იტალიასთან (ბათუმში) და 16 ივლისს პორტუგალიასთან (ქუთაისში) შეხვედრები მოყვება.
ბორჯღალოსნები მომავალი მატჩებისთვის 26 ივნისიდან, ქუთაისში ემზადება.
სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.
ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ვეთამაშეთ 24:22 ვძლიეთ, მერე რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 14:13 დავამარცხეთ, ბოლოს კი თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 26:16.
ურთიერთშეხვედრების ისტორიიდანაც ჩანს, რომ არგენტინა XV-თან ყოველთვის დაძაბული შეხვედრები გვქონდა, წელს კი სტუმრები საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსული, რაც გულშემატკივარს საინტერესო ორთაბრძოლას პირდება.
„აია არენაზე“ პირველ ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლუკა ჯაფარიძე. მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძეს, ბექა საღინაძეს და ბექა გორგაძეს ვიხილავთ.
ღერძზე შეთამაშებული წყვილი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დადგებიან. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი 19 წლის დავით ნინიაშვილია.
მარქაფაში ერთი დებიუტანტია – ბურჯი გურამ პაპიძე. პირველ ხაზში გუნდს გააძლიერებენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შევლენ ნოდარ ჭეიშვილი და ლუკა ივანიშვილი. 9 ნომრის მარქაფაშია მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
პირველ მეტოქეს ახასიათებს ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე:„არგენტინა XV დამოუკიდებელი გუნდი რომ იყო, მერწმუნეთ, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე 15-ეულში აუცილებლად იქნებოდა.
ინტენსიურად ვემზადებით. ჩამოვიდნენ ახალი მწვრთნელები, რომლებმაც მზადების პროცესში ახალი დეტალები შემოიტანეს. თავდაუზოგავად ვშრომობთ პროფესიულ გარემოში და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ეს თამაშები წარმატებით დავასრულოთ“.
არგენტინა XV არის გუნდი, საიდანაც ამ ქვეყნის პირველი ნაკრები იკვებება. როგორც წესი, აქ მოხვედრილი მორაგბე 2-3 წელიწადში ძირითადი გუნდის წევრი ხდება. ფაქტია, ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს კვალიფიციური მწვრთნელით, რომლის შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები არიან, რომელთა ანგარიშზე უკვე რამდენიმე კეპია. ხარისხიანი და რთული თამაში გველოდება, რაც აუცილებლად წაგვადგება იტალიასთან მატჩის წინ“.
GIPHY App Key not set. Please check settings