საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
11 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი, ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება.
კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
ოთარ კიტეიშვილი:
“როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვკონცენტრირდეთ მეტოქეებზე. იმედი მაქვს, მივაღწევთ შედეგს, რომელიც წარმატებულად ჩაითვლება და ამ შეხვედრებში ქულებს მოვიპოვებთ.
ზოგადად, ფეხბურთის დონე ამაღლდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, ეს ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს. გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, იქმნება მიქსი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს შედეგი. უფრო მეტის ამბიცია გვაქვს და ეს შედეგით უნდა დავადასტუროთ.
ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით. ყოველთვის სანაკრებო პაუზის წინ ვიღებდი ტრავმას ან ვასრულებდი სარეაბილიტაციო პერიოდს. ძალიან რთული იყო პირადად ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო. ეს დამატებით მოტივაციას მიჩენს ნაკრებში ყოფნის დროს. ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე სანაკრებო თამაშებს”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
მატჩების განრიგი
17 ივნისი | კვიპროსი – საქართველო | 22:45
20 ივნისი | შოტლანდია – საქართველო | 22:45
მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings