საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპაში დაგეგმილი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს მართავს. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში 2 და ლიეტუვაში 1 შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს კი პოლონეთში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
პოლონეთი პროვინციულ ქალაქ სოსნოვიეცში გვმასპინძლობს, რომელიც კატოვიცედან 1 ნახევარი საათის სავალზეა. საკუთრივ ჩვენი გუნდი კატოვიცესა და სოსნოვიეცს შორის მდებარე პატარა ქალაქ დაბროვა გორნიცაში ცხოვრობს, საიდანაც სოსნოვიეც არენა 20 წუთის სავალზეა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჩვენი გუნდი ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვსტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის 3 საათი გასტანა, რომლის განმავლობაშიც მოთამაშეებმა კალათბურთი ერთ ფარშიც ითამაშეს და მთელს მოედანზეც, ესროლეს ფარში და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით დაიტვირთნენ.
ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მყობრშია. პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, რომელიც ტურნირის მონაწილე 5 ქვეყანას კატოვიცეში მიიღებს. პოლონელებმა დაიმატეს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასულ “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთს ბოლოს 2 წლის წინ, საბერძნეთში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ აკროპოლისის თასზე შევხვდით და 76:87 (სტატისტიკა) დავმარცხდით. იმ მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც 14 აგვისტოს პოლონეთთან არ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლირებას პირველი არხი განახორციელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings