4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო შეხვედრაში “დინამო არენაზე” თურქეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ამ მატჩის თაობაზე ისაუბრა მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ.
“24 წელია, არ ვყოფილვართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ეს გამოწვევა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებთ, თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ გავიაროთ ეს ბარიერი. თურქეთის ნაკრები აუცილებლად უნდა მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
პირველ მატჩში ჩვენ ვხვდებით საქართველოს ნაკრებს, რომელიც ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა. ჩვენ ვიცით, ბოლო დროს რაოდენ დიდი პროგრესი აქვს მეტოქეს და რამდენით წინ წავიდა ეს გუნდი.
თამამად მინდა ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, დღეს საქართველოს ნაკრები გაცილებით შეკრული და ჩამოყალიბებული გუნდია. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები პირველ შეხვედრაში და მაქსიმალური ენერგია უნდა გავიღოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთულია შესარჩევ ციკლში, მაგრამ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პირველი კალათიდან აქ ესპანეთი მოხვდა, მეორიდან – ჩვენ, მესამიდან – ჩვენი მთავარი მეტოქე საქართველო, ხოლო მეოთხიდან – ბულგარეთი. რთული ჯგუფია, მაგრამ დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.
დღეს ქვეცნობიერად ყველა ძალიან აქებს საქართველოს ნაკრებს. შესაძლოა, ვინმეს ეს თამაში იოლი მატჩების კატეგორიაში გაჰყავდეს, მაგრამ ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ძლიერ და შეკრულ გუნდს ვეთამაშებით.
ეს ფეხბურთელებსაც ესმით. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს დამსახურებულად მოვუგეთ რთული თამაში. ახლა ჩვენი მიზანი შესაძლებლობის ფარგლებში დადებითი შედეგის მიღწევა იქნება.
ვერ გეტყვით, მოვახერხებთ თუ არა საქართველოს ნაკრების კარში ისეთი გოლების გატანას, როგორებიც გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ფეხბურთის მთავარ ხიბლად სწორედ ის მიმაჩნია, როცა შენი გუნდი გატანას ახერხებს”, – თქვა მონტელამ.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings