in

საქართველოში rugby world georgia გამოვა

საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ლონდონი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქიცაა. ამიტომ, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია.

ასევე დიდი პატივია ისეთი დონის გიგანტ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Future plc-ია. საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის ჟურნალისტთა ლიგა და კომპანია „ფიუჩერ ჯორჯია“ ჟურნალ Rugby World GEORGIA-ს გამოცემას იწყებს.

Rugby World – მსოფლიოს გლობალური, წამყვანი სარაგბო ჟურნალია, რომელიც ბრიტანული გიგანტი მედია-კომპანიის, Future plc შემადგენელი ნაწილია. Future plc 1985 წელს დაარსდა და სხვადასხვა სფეროს 150-ზე მეტ ჟურნალს და ვებ-გამოცემას აერთიანებს (იხ.: https://www.futureplc.com).

ჟურნალისტთა ლიგა სპორტულმა ჟურნალისტებმა – თემურ ჯაფარიძემ, ზაალ გიგინეიშვილმა, ბესიკ ჯანგავაძემ, ზურა ქსოვრელმა და ლუკა ჭოჭუამ დააფუძნეს. ამ ადამიანების ღვაწლი საქართველოში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში შეუფასებელია. ისინი დღესაც რაგბის სამსახურში არიან.

მათ მიერ დაფუძნებული ორგანზაცია, ფიუჩერ ჯორჯიასთან – რომლის დირექტორიც დავით სამსონაძეა და საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად გამოსცემენ ჟურნალს, რომელიც რაგბის გულშემატკივარს ქართული და საერთაშორისო რაგბის შესახებ, მიმდინარე და ანალიტიკურ სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე შესთავაზებს.

მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, დაახლოებით 100 გვერდიანი გამოცემა კვარტალში ერთხელ გამოვა. მის ბეჭდვას, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებას მედია ჰოლდინგი „პალიტრა“ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ასევე შეიქმნება Rugby World GEORGIA-ს ციფრული გამოცემები.

ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და Future plc-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა ბრენდონ ბესტერმა „თბილისი მერიოტში“ მოაწერეს.

„ინგლისი რაგბის სამშობლოა, სადაც ამ თამაშის რაობა ყველაზე კარგად ესმით და საქართველოს რაგბის კავშირისთვის ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა ერთობ საშური საქმეა. Future plc-ი მსოფლიო დონის ბრენდია. შესაბამისად, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა დიდი პატივი და, ამასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა“.

„ინგლისთან თანამშრომლობა შემთხვევით არ აგვირჩევია. ამ ქვეყანასთან ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს: რამდენჯერმე მიგვიწვიეს ერთობლივ ვარჯიშებზე; ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბს ‘ლელო-სარასენსი’ ქვია. ჩვენ ლელო ბურთის ისტორია გვაქვს და მოხარული ვარ, რომ ერთიანი ნაბიჯების გადადგმას ვიწყებთ“.

„თემურ ჯაფარიძე, ზაალ გიგინეიშვილი, ბესიკ ჯანგავაძე, ზურა ქსოვრელი და ლუკა ჭოჭუა ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას ქართული რაგბი და მათი ჟურნალისტური გამოცდილება მთელს მსოფლიოს წაადგება. რაგბის კავშირი ღიაა, რათა წარმატებებთან ერთად, მოხდეს პრობლემების გაშუქება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გამოცემული ორენოვანი ჟურნალი მნიშვნელოვნადგაზრდის როგორც საქართველოში არსებულ სარაგბო აუდიტორიას და დააკმაყოფილებს მათ წყურვილს, ასევე ითამაშებს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ასპარეზზე – ქართული სპორტის, კულტურის და ბიზნესის პოპულარიზაციაში. რამეთუ ეს სივრცე ატარებს როგორც საინფორმაციო საგანმანათლებლო დატვირთვას, ასევე საუკეთესო საშუალებაა წარმატებული ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიზნობრივ ჯგუფებამდე მისატანად“ – თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

წყარო:Rugby.ge

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ღირსების მატჩი გულშემატკივრებთან ერთად: დღეს ბათუმში ზღვაც სხვანაირად ღელავს

Sofscore: საქართველო-შვედეთის სავარაუდო შემადგენლობები