საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა დათმო. ჩვენმა გუნდმა გლაგზოში, ჯგუფი ლიდერ შოტლანდიასთან 0:2 წააგო.
ეს თამაში უთუოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ნაკრების ისტორიაში. ასეთი რამ ხშირად არ ხდება და არც ჩვენებს გადახდომიათ თავს. მატჩის დაწყებამდე „ჰემპდენ პარკი“ საცურაო აუზს დაემსგავსა. ფეხბურთელები ისე დააბოტებდნენ როგორც ზაფხულის წვიმაში სოფელში ბავშვები. ბურთის დამორჩილება თითქმის შეუძლებელი იყო, რომელიც თავის გემოზე უფრო იქცეოდა.
თამაში დაიწყო თუ არა, 2-3 წუთში გუნდების მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს დაელაპარკნენ და თქვეს, რომ მატჩის ასეთ პირობებში გაგრძელება არ გამოვიდოდა. სანამ ამას წყლით გაჟღენთილ მოედანზე გალუმპული მსაჯიც მიხვდა, მანამდე შოტლანდიამ კუთხურიდან გოლი გაგვიტანა. ამის შემდეგ თამაში შეჩერდა და დაიწყო…
გაგრძელდებოდა თუ გადაიდო ჯერ ამას არკვევდნენ. თავიდან 20 წუთი თქვეს, მოედანს კი რამდენიმე თანამშრომელი წყლისგან ათავისუფლებდა (მერე და მერე კი დაახმარეს ხალხი), თუმცა წვიმა ისევ კოკისპირულად მოდიოდა. შემდეგ კიდევ სხვადასხვა დროით გადაწიეს და მოკლედ თამაში საბოლოოდ მაშინ განახლდა, როდესაც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.
ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩისგან განსხვავებით ძირითადში ოთხი ცვლილება განახორციელა. სასტარტოში გამოჩდნენ საბა კვერკველია, ლაშა დვალი, ლუკა გაგნიძე და საბა ლობჟანიძე.
მატჩის შეჩერებამდე გაშვებულმა გოლმა ცოტა გეგმები არია. ჩვენებს კალაპოტში ჩაჯდომა სჭირდებოდათ, შოტლანდიელები უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ასეა თუ ისე, პოირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
აი მეორე ნახევარი კი მასპინძლებმა იღბლიანად დაიწყეს. მაკტომინიმ დასაწყისშივე გაიტანა და შოტლანდია კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მასპინძლები თამაშს კარგად აკონტროლებდნენ და სანიოლმა მოედანზე ზივზივაძე, გოჩოლეიშვილი და ოდნავ მოგვიანებით დავითაშვილი შეიყვანა, სათამაშო სქემა კი 4-4-2-ზე გადააწყო. საქართველო ოდნავ გააქტიურდა.
კვარაცხელიამ დრიბლინგით ორჯერ გაამწვავა თამაში. მერე სკოტებსაც შეეძლოთ გატანა, პეტროუსმა თავური ოდნავ ააცილა მიზანს. რეალური მომენტი საქართველოს ნაკრებს 72-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ მიქაუტაძემ ვერ შეძლო გატანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დავითაშვილთან ბრძოლაში ჰიკის ბურთი ხელზე მოხვდა, ვიდეოგამეორებაზე მსაჯმა პენალტი დანიშნა. დასარტყმელად კვარაცხელია მივიდა და რობერტო ბაჯოსავით ცის კაბადონზე დაარტყა – ბურთი წვიმამ ჩაყლაპა.
შოტლანდია – საქართველო 2:0
20.06. გლაზგო. ჰემპდენ პარკი. 52 160 მაყურებელი
1:0 მაკგრეგორი (6. დაიქსის პასით), 2:0 მაკტომინი (47)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (90+4)
შოტლანდია: განი – ჰიკი, პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი (79. სუტარი), რობერტსონი – მაკტომინი, გილმორი (86. მაკლინი), მაკგრეგორი (79. ჯეკი) – ჯ. მაკგინი (90+2. კრისტი), დაიქსი (79. ნისბეთი)
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კვირკველია, კაშია – დვალი (56. ზივზივაძე), კვეკვესკირი (56. გოჩოლეიშვილი), გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (64. დავითაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ალთუნაშვილი, აზაროვი, ჩაკვეტაძე, გველესიანი, ქვილითაია, ლოჩოშვილი, შენგელია
გაფრთხილება: ჰიკი (45+4), რობერტსონი (67), გოჩოლეიშვილი (69), გაგნიძე (75)
არბიტრი: ი. ვადი (უნგრეთი)
შოტლანდიამ 4-დან 4 მატჩი მოიგო, 12 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს 3 მატჩიდან 4 ქულა დარჩა და მე-2 ადგილი შეინარჩუნა.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, ესპანეთის (შინ, 8 სექტემბერს) და ნორვეგიის წინააღმდეგ (სტუმრად, 12 სექტემბერს) ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings