in

საქართველოს პირველი მოგება სამუნდიალოდ: მარტივი 3:0 ბულგარეთთან

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა: თბილისში ბულგარეთი დაამარცხა 3:0.

ეს დაგეგმილი სამი ქულა იყო. თანამედროვე ფეხბურთში ყველამ ისწავლა თამაში, დიდი ხანია გვესმის, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე, ყველა გუნდი ერთნაირი ნაღდად არ არის და ეს ბულგარეთმაც „დაამტკიცა“, სტუმრები ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ წააწყდე. მეტოქის კლასი და გაქანება ამ ეტაპზე ჩვენებთან ახლოს ვერ მოვა და ამიტომ ეს მოგება სრულიად კანონზომიერია, თუნდაც იმის ფონზე , რომ შესაძლოა ბევრი ჩვენი ფეხბურთელი პიკზე არ იყოს.

საქართველო – ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30). 2:0 გაგნიძე (44. დავითაშვილის პასით), 3:0 მიქაუტაძე.

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (82. ლომინაძე), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, ნ. გაგნიძე, ქოჩორაშვილი (77. მამუჩაშილი), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (82. ლობჟანიძე), კვარაცხელია (კაპ. 77. გულიაშვილი), მიქაუტაძე (77. ზივიზივაძე).

ბულგარეთი: ვუტსოვი, ნ. მინკოვი (46. ნურბეგერი), დიმიტროვი, ბოჟინოვი, ნედიალკოვი, ა. კრაევი (46. გრუევი), ცენოვი, მ. პეტკოვი (80. შოპოვი), მალინოვი (კაპ. 67. ჩოჩევი), კირილოვი, ვლ. ნიკოლოვი (67/ კოლევი).

გაფრთხილება: მექვაბიშვილი (3), ლოჩოშვილი (9). ცენოვი (18). პეტკოვი (39). კრაევი (45+1). დიმიტროვი (53).

დისკვალიფიცერებულმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა გადააწყო, კაპიტანი კაშია სკამზე დასვა და 4 მცველით თამაში გადაწყვიტა. როტაცია შეეხო გიორგი წიტაიშვილს და მის ნაცვლად აზაროვი დადგა, ძირითადში გამოჩნდა ნიკა გაგნიძეც, კაპიტნის სამკლავური კი ხვიჩა კვარაცხელიამ მოირგო.

ბულგარეთი კი გავაკრიტიკეთ, მაგრამ პირველ წუთებში მწვავე კონტრშეტევით კინაღამ ანგარიში მათ გახსნეს, ორიოდე მეტრიდან პეტკოვის თავურის შემდეგ მამარდაშვილმა აშკარა გოლისგან გვიხსნა. თურქული ვარიანტი არ განმეორდა და ამჯერად დასაწყისში აღარ გავუშვით.

ჩვენი გოლი კი 30-ე წუთზე გავიდა და ეს ისევ კვარაცხელიას ინდივიდუალურ უნარებს მოჰყვა: ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა, მერე კი კარში დაარტყა და მეკარემაც არადამაჯერებლად ითამაშა – 1:0.

43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშვილის შეტევა დასრულდა შედეგიანად, როდესაც ზურიკომ მოკლე, მაგრამ მცველების ჩამტეხი და კარგად შეგორებული პასით ნიკა გაგნიძე პირისპირ დარჩა მეკარესთან, ფეხებ შორის გაუძვრინა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0. უნდა ითქვას, ნიკას კარგი მოქმედება, პასის მიღებამდე ჭკვიანურად აიწია მაღლა, თორემ თამაშგარეში რჩებოდა, ზურიკომაც სწორი პაუზა გააკეთა.

ჩვენი სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო და ეს მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევდა. 64-ე წუთზე მესამეც გავიტანეთ: ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ახლოდან მიქაუტაძემ გადაუგდო კუთხეში – 3:0.

მომდევნო შეხვედრას 11ოქტომბერს სტუმრად ესპანეთთან ჩავატარებთ, სამ დღეში კი ისევ გასვლაზე თურქეთთან შეხვედრა იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არმანი – ფეხბურთის ლეგენდა: აცმევდა ტოპ გუნდებს

ეს გამარჯვება საქართველოსთვისაა: შემთხვევით მოვხვდით, დაე, იფიქრონ ასე