საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვარჯიში “ლაუგარდსჰოლში” ორსაათიანი და საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. დარბაზი, რომელშიც 11 ნოემბერს ისლანდია საქართველოს უმასპინძლებს, მხოლოდ 2000 მაყურებელს იტევს. მოედანს მხოლოდ ცალ მხარეს აქვს ტრიბუნები და როგორც ისლანდიის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, ყველა ახალი დარბაზის აშენებას ელოდება.
ილიას ზუროსმა დიდი დრო კომბინაციების დამუშავებას და ორმხრივი კალათბურთის თამაშს დაუთმო. აქცენტი, რა თქმა უნდა დაცვაზე იყო გადატანილი, რაც ბერძენი სპეციალისტის საკალათბურთო ფილოსოფიაში ამოსავალი წერტილი გახლავთ. ნაკრების დარჩენილი ვარჯიშები წინასწარაა გაწერილი. ხვალ, დილით, ჩვენი გუნდი ფიტნეს-დარბაზში ტრენაჟორებზე ივარჯიშებს. ასევე, გარკვეული დრო ფარში
სროლებს დაეთმობა. გენერალური ვარჯიში კი საღამოს იგეგმება ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასთან ერთად, რომელსაც დღეს ევროლიგაში თამაში ელის და ისლანდიაში პირველივე რეისით მოემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიას საქართველოზე 1 მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 საგზურს. დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ ამჟამად ჯგუფის 1-2 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია.
GBF.GE
GIPHY App Key not set. Please check settings