გადაყენებული რიჩარდ ქოქრილის ნაცვლად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შეიძლება ლეგენდარული ახალზელანდიელი უორენ გეტლანდი ჩაუდგეს სათავეში, – იტყობინება We Talk Rugby.
„საქართველოს რაგბის კავშირი „ლელოელების“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მოვლენათა განვითარებამ მოულოდნელობა შემოგვთავაზა – მთავარი კანდიდატი უორენ გეტლანდია.
ქართველები 2027 წლის მსოფლიოს თასზე თავის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ კამპანიას იწყებენ და სურთ ეროვნული გუნდის თავკაცად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი სპეციალისტი, უელსის ნაკრების, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი მწვრთნელი დანიშნონ.
მსოფლიოს თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია, ჰორიზონტზე საქართველოს რაგბის ისტორიაში, შესაძლოა, იტალიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ასეთი მაღალი დონის მწვრთნელის დასანიშნად უკეთეს დროს ვერ შეარჩევდნენ. მრავალი წლის მანძილზე ისინი ექვს ერში ჩართვას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ „აძურის“ ტოლ-სწორი არიან ან სჯობიან კიდეც. ავსტრალიაში, ნეიტრალურ მოედანზე ამისათვის 80 წუთი ექნებათ.
საქართველოს ნაკრები მეორე ეშელონის გუნდებში დაუმარცხებელია, უნდათ კონკურენცია პირველი ეშელონის წარმომადგენლებს გაუწიონ, გეტლანდი კი ცნობილია იმით, რომ გარკვეულწილად შეზღუდული შესაძლებლობებით შეუძლია წარმოუდგენელი სირთულეები შეუქმნას გრანდებს. ქართული გუნდისთვის, რომელიც სიმძლავრით გამოირჩევა, ხშირად დაძაბული მატჩების მოსაგებად არ ჰყოფნის ტაქტიკური დისციპლინა და მიზნის მისაღწევად სწორედ ასეთი ხელმძღვანელი სჭირდება“, – წერს გამოცემა.
rugger.info-ს ცნობით, გეტლანდს ურუგვაის ნაკრებში მუშაობას სთავაზობენ, მაგრამ შეიძლება არჩევანი საქართველოს ეროვნული გუნდის სასარგებლოდ გაკეთოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელად ჯერ პიერ-ანრი ბრონკანის, ხოლო შემდეგ ფრანკ აზემას დანიშვნას აპირებდნენ.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings