საქართველოს ნაკრებმა თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. დაასრულა წაგებით ავსტრალიასთან – 84:100.
ქართველი კალათბურთელების შედეგი მაინც დადებითად მიიჩნევა, რადგან ჩვენებმა პირველი ჯგუფი გადალახეს და 16 საუკეთესოთა შორის მოხვდნენ. პირველი მსოფლიოა და ესეც ბუნებრივია კარგია. უბრალოდ, გულშემატკივრების მადა ყოველთვის უფრო დიდია და ვისურვებდით, რომ დანარჩენ მეტოქეებთან უფრო ტოლ-სწორად გვეთამაშა. არა, ბრძოლას და მონდომებას ვერ დავუკარგავთ ჩვენს გუნდს, მაგრამ თუნდაც ჩვენზე უკეთეს გუნდებს ესპანეთის ჩემპიონატის MVP-თი, NBA-ის ორი კალათბურთელით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელით და სხვა ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მეტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და 20-20 ქულით არ აგებდეს. ეს მარტო სურვილი არ არის, საქართველოს წესით შეუძლია ამის მიღწევა.
ავსტრალიასთან დასკვნითი შეხვედრა კი ბევრს არაფერს წყვეტდა და ეს დაეტყო კიდეც მატჩს. საქართველომ მხოლოდ მესამე მეოთხედში ითამაშა ისე, როგორც ვისურვებდით, სხვა მხრივ კი, როდესაც მეტოქე გაიქცა, მერე ჩვენების მცდელობის მიუხედავად, მინუს 10-ქულიანშიც კი ვერ შემოვედით და ავსტრალია მთელი თამაში მშვიდად აკონტროლებდა ვითარებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენი სამქულიანი ვასროლინეთ, ერთ მატჩს კი არა, მთელ ტურნირს ეყოფოდა.
ისიც სათმელია, რომ ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი სათამაშო ფორმით იყო, თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ ვერც ის და ვერც გიორგი ცინცაძე მოედანზე ვერ გავიდოდნენ.
განწყობის ბრალია თუ სხვა რამის, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის ასეთ მატჩებში გამარჯვებასაც დიდი ფასი ადევს. მოკლედ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – მოსაგები მოვიგეთ (ორ სუსტ გუნდთან) და წასაგები წავაგეთ (უფრო ძლიერებთან).
კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს რჩება შანსი იბრძოლოს ოლიმპიადის საგზურისთვის, თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან 4 საგზურისთვის ათეულობით მაძიებელია.
თამაში
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. გუნდები უკანმოუხედავად უტევდნენ. შესაბამისად, იყო შეცდომები, თუმცა უფრო მეტი ხარვეზი ქართველებს ჰქონდათ და ანგარიშშიც ჩვენები ჩამორჩებოდნენ. ავსტრალიელებმა სწრაფი შეტევებით იხვეჭდნენ ქულებს, თუმცა სამქულიანებსაც წარმატებით ესროდნენ და პირველი პერიოდი მეტოქის გამარჯვებით – 23:17.
მეორე პერიოდიდან ავსტრალიამ ტემს და ზუსტ სროლებს უმატა. საქართველოს ნაკრები უმეტესწილად ინდივიდუალიზმის ხარჯზე ცდილობდა ქულების მოპოვებას, რაც პერიოდულად ძალიან ლამაზად გამოსდიოდა, თუმცა ავტრალიელთა ლიდერობა არ მცირდებოდა. მსაჯები ავსტრალიელებს სწყალობდნენ, რაც ჩვენიანთა მხრიდან გაპროტესტების მიზეზი ხდებოდა და მხოლოდ პირველ ნახევარში არბიტრმა საქართველოს 3 ტექნიკური ჯარიმა მისცა.
დიდ შესვენებამდე, მეორე პერიოდის მეორე ნახევარში ავსტრალიელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს, პატი მილსმა შორი სროლაც გაისწორა და ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას უწია – 5:31. პერიოდის დარჩენილ 2 წუთში ბევრი არაფერი შეცვლილა. სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანით ჯო ინგლსმა ავსტრალიელთა 17-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
მესამე პერიოდი ქართველებმა მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ სამქულიანების ზუსტად სროლა განაგრძო და მესამე პერიოდის შემდეგ 13 ჩაგდებული მოუგროვდა, ილიას ზუროსის გუნდმა ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე (გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის დამსახურებით) ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირეს. ეს ასე არ იქნებოდა, რომ არა თად მაკფადენის სამქულიანები, რომელმაც მიზანი გაისწორა და ავსტრალიელთა მიერ მითვლილი შორი სროლები დააკომპენსირა. მესამე ათწუთეული საქართველომ 30:25 მოიგო და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა – 79:67.
ბოლო პერიოდში ჩვენებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს და გაჩნდა იმედი, თუმცა თამაშის საერთო სურათის შესაცვლელად ქართველებს ძალა არ ეყოთ. მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო ლუკა ლიკლიკაძემ, რითაც ავტომატური დისკვალიფიკაცია დაიმსახურა და ჩვენი ნაკრები 7 აქტიური მოთამაშის ამარა დარჩა. საბოლოოდ ძლიერ მეტოქესთან 100:84 დამარცხდა და თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.
საქართველო – ავსტრალია 84:100
17:23; 20:31; 30:25; 17:21
ბითაძე – 20 ქულა, 6 მოხსნა, 29:41 წთ
მაკფადენი – 18 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი, 38:29 წთ
შერმადინი – 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 26:26 წთ
ანდრონიკაშვილი – 12 ქულა, 3 მოხსნა, 8 პასი, 29:39 წთ
მამუკელაშვილი – 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 34:04 წთ
ტურძილაძე – 4 ქულა, 2 მოხსნა, 6:09 წთ
ჯინჭარაძე – 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 27:06 წთ
ლიკლიკაძე – 2 მოხსნა, 8:26 წთ
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 5 სექტებერს, 9:45 საათზე დაბრუნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings