ხვალ, 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-3 ტურში უკრაინის ნაკრები საქართველოს პოზნანში უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:
უკრაინისთვის მზად ვართ: ვილი სანიოლს სურს, რომ საქართველომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს
„იქნება თუ არა საქართველოსთან შეხვედრა ბოლო შანსი? პირველი ორი მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელებს ესმით, რომ სხვა დონის ჩვენება და შედეგისთვის ბრძოლა სჭირდებათ. ახლა საქმე მხოლოდ შედეგში არაა, საჭიროა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისთვის ვთამაშობთ. პირადად ჩემთვის ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დარჩენილ მატჩებში შედეგს ყურადღებას არ მივაქცევთ. ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია მოვხვდეთ პლეი ოფში, ეს კიდევ ერთი შანსია.
ყველას გვესმის, როგორ ვითარებაში ვართ. ორი თამაში წავაგეთ და ბოლო ადგილზე ვართ, ამიტომ საქართველოსთან მოგებას ვეცდებით.
ვერ ვიტყვი, რომ პირველი ორი მატჩის მოგებას არ ვცდილობდით, განსაკუთრებით ჩეხეთთან. კარში ოცჯერ დავარტყით. ვიღაც ამბობს, რომ უკრაინა მხოლოდ ბურთს აკონტროლებს. ყველაფერს ვაანალიზებთ. მეტოქეები ერთ თამაშში კარისკენ დაახლოებით 15-17-ჯერ ურტყამენ.
კონკურენცია ყველა პოზიციაზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, ვცდილობთ სარეზერვო შემაგენლობის ფეხბურთელით შევცვალოთ. ვინც გამოვიძახე, შანსის მიცემას იმსახურებს. თუმცა, მთავარია თამაშისას თავს როგორ წარმოაჩენენ.
ანდრეი იარმოლენკოს არყოფნას რაც შეეხება, ის არ იყო ნაკრებში ძირითად სიაში. ჩვენ ერთა ლიგას ვუყურებთ როგორც ტურნირს, სადაც შეგვიძლია ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ და ნაკრების კანდიდატებს დავაკვირდეთ. ანდრეის ველაპარაკე, ავუხსენი სიტუაცია, რომ შანსი ახალგაზრდებსაც უნდა მივცეთ და არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისთვის არაფერი ამიხსნია.
ლაშა დვალი “ფერენცვაროშში” ჩემი ფეხბურთელი იყო. ძალიან მომწონს, პატიოსანი და კარგი ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალია. დვალის ნახვა გამიხარდება. მან მოუმატა. მას და საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემ”.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. უკრაინამ კი ლბანეთთანაც წააგო და ჩეხეთთანაც.
უკრაინა-საქართველოს მატჩი პარასკევს, 11 ოქტომბერს პოზნანში გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings