საქართველომ უახლოეს წლებში, შესაძლოა, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამას გარდა, გადაწყდა, რომ თბილისის საერთაშორისო ტურნირი უმაღლეს – გრანდ სლემის სტატუსს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ გრან პრიზე იმყოფებოდა.
“საკმაოდ კარგი წინსვლა გვაქვს სხვადასხვა პროექტებთან და პროგრამებთან დაკავშირებით, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან განვიხილეთ. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვუმასპინძლოთ გრანდ სლემს, რაც ძიუდოს მომავალი პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი ნაბიჯები გადავდგით მსოფლიოს ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით. წლეულს, შეხვედრისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა სურვილი, რომ საქართველომ ეს ტურნირი მიიღოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და იმედს ვიტოვებ, პირველად ისტორიაში, უახლოეს პერიოდში, საქართველო შესძლებს ჩაატაროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება”, – თქვა დავით ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამართულა და ეს, ვერც უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება. უკვე გაწერილია, რომ გაისად ტურნირს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი მიიღებს, 2023 წელს კი – ყატარის დედაქალაქი დოჰა. ამას გარდა, ისრაელის ძიუდოს ფედერაციას ეკუთვნის არჩევანი, ჩემპიონატს 2024 ან 2025 წელს უმასპინძლოს.
რაც შეეხება გრანდ სლემს, ის თბილისში პირველად წლეულს, 26-28 მარტს ჩატარდა, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო, ტრიბუნებზე მაყურებლები არ დაუშვეს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირი 9 მედლითა (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.
ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).
GIPHY App Key not set. Please check settings