in

საქართველომ სერბეთთან ბრძოლაში ბოლოს წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირი დაასრულა.

საქართველომ შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ბელგრადში ითამაშა. ჩვენი გუნდი სერბეთს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 54:63.

სერბი სპეციალისტის, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა მისია შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევში გამართული 6 მატჩიდან 3 მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. საქართველო ევრობასკეტზე სერბეთთან ერთად გავიდა, ჯგუფის მესამეადგილოსანი ფინეთი კი ევრობასკეტზე მასპინძლის სტატისტით ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური წინა ტურში, 21 თებერვალს, დანიის დამარცხებით გაინაღდა. ამიტომაც ჯიკიჩმა საშუალება მისცა გუნდის ლიდერებს, დაესვენათ. კამარ ბოლდუინი ისედაც ვერ ითამაშებდა – მან დანიასთან მატჩის წინა დღეს ტრავმა მიიღო და ევრობასკეტის საგზურის მოპოვების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. სერბეთში არ წამოსულა არც ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია და არც გამოცდილი გიორგი შერმადინი. მათ ნაცვლად ნაკრებში ადგილი დაიკავეს მათე ხატიაშვილმა, სანდრო სანაძემ და ლუკა ლიკლიკაძემ.

აღნიშნული ტრიოდან ორს ნაკრებში არასდროს ეთამაშა და ბელგრადში, მსოფლიო გრანდთან მატჩში ხატიაშვილისა და სანაძის დებიუტი შედგა. სანაძემ სასტარტო ხუთეულში მყოფი მისი ძმა დუდა შეცვალა და მოედანზე 18 წუთზე მეტი დაყო. ხატიაშვილი მოედანზე ბოლო წუთზე შევიდა საკმაო დრო რომ ჰქონოდა, სანაძის დარად, სავარაუდოდ ქულებს მიითვლიდა, იმდენად გულიანად საბრძოლო სულისკვეთებით შევიდა მოედანზე.

იბრძოლა ყველამ – მატჩის ბომბარდირმა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც ფარქვეშ ხომ ომობდა და როგორც თავის კლუბში, პერიმეტრიდანაც იჩუბინა – 2 სამქულიანი ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი სანაკრებო მატჩი ჰქონდა გიოგი კორსანტიას, რომელმაც პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში და არასრულ 26 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

12 ქულა ჰქონდა დანიასთან მატჩის გმირ დუდა სანაძეს, რომელმაც თორნიკე შენგელიას არყოფნაში ეროვნულ გუნდს პირველად უკაპიტნა. სანაძემ 2 სამქულიანი ჩააგდო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, მეორე პერიოდში მიითვალა. მას, კახა ჯინჭარაძეს და ალექსანდრე ფევაძეს სროლები რომ წასვლოდათ, საქართველოს მოგების კარგი შანსი ჰქონდა. სერბეთი 2 ევროლიგელი კალათბურთელით – სტეფან იოვიჩითა და ალეკსა ავრამოვიჩით თამაშობდა, თუმცა ახალგაზრდა სერბები ისეთი მოწადინებულები იყვნენ, ბოლომდე სავსე დარბაზისთვის საკუთარი ძალა დაემტკიცებინათ, რომ ქართველები ნამდვილი მებრძოლები არიან, ასეთ ატმოსფეროში, შანსს ბოლომდე რომ ინარჩუნებდნენ.

პირველი პერიოდი 17:13 მოვიგეთ, მეორეში 10 ქულითაც ვლიდერობდით, მაგრამ დიდ შესვენებაზე კვლავ 4-ქულიანი უპირატესობა შეგვრჩა. ცხადი იყო, დიდი შესვენების შემდეგ სერბეთი სულ სხვანაირად ათამაშდებოდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა მასპინძლები საბრძოლოდ მომართა და მესამე პერიოდიდან პრესინგის ზღვარზე დაცვით სერბებმა თამაში სათავისო კალაპოტში ჩააყენეს.

დაცვის ხარჯზე პეშიჩის გუნდი 7 ქულით დაწინაურდა, საქართველომ მესამე პერიოდის საწყის ნახევარში ბურთი ვერ ჩააგდო. თუმცა ჯიკიჩის გადაადგილებებმა და ტაქტიკამ კიდევ ერთხელ გაჭრა. ბურჯანაძის სამქულიანებითა და კორსანტიას შედეგიანობით საქართველომ ანგარიში გაათანაბრა – 41:41. ათწუთეულის მიწურულს სამქულიანი ჩაგვიგდეს და ბოლო პერიოდის წინ ქულმწირ თამაშში სერბეთი 44:41 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა შედეგიანი თამაში გააგრძელეს, ქართველებს დაღლა დაეტყოთ და მწვრთნელის დავალებებს ზუსტად ვერ ასრულებდნენ. ასე იყო თუ ისე, მატჩის დასრულებამდე 3 წუთთ ადრე 50:55 ჩამორჩენილი საქართველო უტევდა და კორსანტიას ფარზე შესვლა შედეგიანად რომ დასრულებულიყო, ჩამორჩენას 3 ქულამდე ვამცირებდით, რაც მოგების რეალური შანსი იქნებოდა, მაგრამ… სერბებმა კონტრშეტევა ჩაგვიგდეს, მერე სამიანიც მიითვალეს და მატჩში პირველად, სხვაობა მასპინძელთა სასარგებლოდ 10 ქულამდე ავიდა.

საბოლოოდ შეხვედრა 9 ქულით დავთმეთ, რაც ზოგადად ურიგო შედეგი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუნდაც ლიდერების გარეშე, ჯიკიჩი საკუთარ სამშობლოში გამარჯვებას გეგმავდა, რაც მატჩის შემდეგ მისი რეაქციებიდან აშკარად გამოჩნდა. შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო, თუმცა მარტო სპორტული ინტერესი არაა, მებრძოლ მწვრთნელებს, ისევე როგორც მოთამაშეებს, ყველა თამაშში მაქსიმუმის მიღწევა სურთ. ალბათ ეს ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის მაქსიმუმი იყო, თუმცა ზაფხულში, ევრობასკეტზე სულ სხვა საქართველო იქნება – კაპიტანი შენგელიათი, ვეტერანი შერმადინით და ნბა-ს ქართული დუეტით გადიდგულებული.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრა 27 მარტს გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა ევრობასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნიდან – პოლონეთი, ლატვია, ფინეთი, კვიპროსი – რომელში წავალთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველომ თამაშამდე ივარჯიშა – ორივე გუნდი გადახალისებულია

ევრობასკეტის ყველა მონაწილე ცნობილია: წილისყრა 27 მარტსაა